აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი ვაშინგტონში შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში სენატორი რიში მინისტრ ზალკალიანთან საუბარს პროდუქტიულს უწოდებს. „პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ჩვენი ამასწინანდელი წერილის შემდეგ, კვლავ გავიმეორეთ შეშფოთება ქართული დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ“, - აცხადებს ჯეიმს რიში.
სენატორი აღნიშნავს, რომ განიხილეს რუსეთის მიერ 2008 წლის შემდეგ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საქართველოში ღობეების წინ გადაწევას და ყოველ ჯერზე ახდენს მიწის პატარა მონაკვეთების ანექსიას.
"აშშ კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს გარდაქმნას დემოკრატიისკენ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ დადებითი წინ გადადგმული ნაბიჯების დანახვა. ჩვენ საქართველოს არ ვთხოვთ იყოს უნაკლო, მაგრამ მთავრობამ უნდა დაგვანახოს, რომ დემოკრატიისკენ სვლას სერიოზულად ეკიდება“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.
სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, მოხარულია რომ შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და შესაძლებლობა ჰქონდა მასთან განეხილა აშშ-ის და საქართვველოს პარტნიორობის ზოგიერთი საკითხი, განსაკუთრებით საქართველოს ერთგულება დემოკრატიის და კარგი მმართველობის მიმართ.
„სენატორ რიშს და მე დემოკრატიისკენ საქართველოს მშვიდობიანი გარდაქმნის ორპარტიული მხარდაჭერის დიდი ისტორია გვაქვს. 2012 წელს, ჩვენ საქართველოს ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ, როგორც დამკვირვებლებმა და იმედი მოგვეცა პროგრესით. როგორც ადრე ვთქვი, დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მე გავაგრძელებ მოწოდებას პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობის მიმართ, მტკიცედ შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშესაწყობად, დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩასატარებლად და სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემად", - აცხადებს სენატორი შაჰინი.
იანვრის ბოლოს, სენატორებმა რიშმა და შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართეს წერილით, რომელშიც დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლად შეაფასეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარი, საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობა, ოპოზიციის ლიდერების დევნა და უზენაესი სასამართლოს ახალი წევრების არჩევის პროცესი.
წერილში ჯეიმს რიშმა და ჯინ შაჰინმა რუსეთის გავლენის გაძლიერების საფრთხეზე მიუთითეს და არ გამორიცხეს, რომ თუ საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე არ იზრუნებს, აშშ გადახედავს საქართველოსთან პარტნიორობას.