კახიძე-შოთაძის კითხვა-პასუხი: ეს თუ არ გკითხეთ, სხვა რა უნდა გკითხოთ?

„ჩემთვის ნათელია ვის აირჩევს საპროკურორო საბჭო. სამწუხაროა, რომ წინასწარ ვიცით, სინამდვილეში გადაწყვეტილებებს როგორ იღებენ“, - ამ სიტყვებით დაასრულა საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ კითხვა-პასუხის რეჟიმი გენერალური პროკურორის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც გენპროკურორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

ოთარ კახიძემ ყოფილ მთავარ პროკურორს შეკითხვები დაუსვა რამდენიმე კონკრეტულ გახმაურებულ საქმეზე. მათ შორის, „ხორავას ქუჩის საქმეზეც“.

„თქვენი პროკურორობის დროს ხორავას საქმის ფიგურანტს მიხეილ კალანდიას მოწმისა და გამშველებლის სტატუსი ჰქონდა, დღეს ის ბრალდებულია. თქვენი პროკურორად არჩევის შემთხვევაში, გაგრძელდება თუ არა კვლავაც ამ სტატუსით მისი სამართლებრივი დევნა? თუ, კალანდიას ისევ გამშველებლის სტატუსი დაუბრუნდება?“ - ჰკითხა კახიძემ შოთაძეს.

გენპროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საპროკურორო საბჭოს ფორმატიდან გამომდინარე, ამ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ "ხორავას ქუჩის საქმეზე" გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს:

„ამ კუთხით კი, ეს პოსტი ჩემთვის შესაძლებლობა იქნება, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს“.

თქვენ ამ საქმეში იყავით ჩართული. და ფაქტია, რომ მაშინ ფიგურანტს ხელი დააფარეს. დღეს კი თქვენ ისევ გაქვთ პრეტენზია დაბრუნდეთ გენერალურ პროკურორად. ეს აჩენს კითხვებს. გამოდის, ან მაშინ ცდებოდა ან ახლა ცდება პროკურატურა“ - ოთარ კახიძის ამ რეპლიკაზე ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ კახიძის მსჯელობა მოკლებულია ლოგიკასა და ობიექტურობას.

კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც კახიძემ 4 თებერვალს, გასაუბრებისას შოთაძეს დაუსვა, ეხებოდა პროკურატურის სისტემაში მუშაობისას მის პასუხისმგებლობას.

„თქვენ თქვით, რომ სისტემაში 2005 წლიდან მუშაობდით. აქ რომ პოლიტიკური სიტყვა წაიკითხეთ და შეაფასეთ წინა ხელისუფლების დროს როგორ ართმევდენნ ქონებას სხვებს, ამას ამბობთ სინანულით, როგორც ამ პროცესის თანამონაწილე თუ როგორც გარე დამკვირვებელი ისე აფასებთ? ანუ თქვენ არაფერს აშავებდით და მხოლოდ სხვები აშავებდნენ?

„იმ პერიოდში მე მართლაც ვმუშაობდი პროკურატურაში და ვფიქრობ, ყველა საქმე, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, სამართლიანობის და ობიექტურობის პრინციპებით მიმდინარეობდა. ხოლო როდესაც მე ვსაუბრობდი სისტემურ პრობლემებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ამის თქმის საფუძველს მაძლევდა ის გამოძიებები, რაც ჩემი ხელმძღვანელობით ჩატარდა. სწორედ გამოძიებებით არის დადგენილი, ასეულობით საჯარო მოხელის ბრალეულობა. თუ მე ამირჩევენ გენერალურ პროკურორად, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლომდე მივა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ოთარ კახიძემ კითხვები დასვა სხვა რამდენიმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაც, რის გამოც საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელისგან რამდენჯერმე მიიღო მითითება, დაესვა ზოგადი ხასიათის შეკითხვები. ამაზე კახიძის პასუხი იყო, რომ საზოგადოებას სწორედ ეს ამ კითხვებზე პასუხები აინტერესებს და ეს კითხვები საჯაროდ უნდა დაისვას.

კახიძე-შოთაძის კითხვა პასუხის ერთი ნაწილი შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გამართულ შეხვედრას, რომელსაც შოთაძე, თურმე "შემთხვევით" დაესწრო.

- ადასტურებთ, რომ თქვენ იმყოფებოდით ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ხაზარაძეც ესწრებოდა?

- დიახ ვადასტურებ. ოღონდ მე იქ არ ვიყავი მთავარი პროკურორის რანგში. შემთხვევით მოვხვდი ამ შეხვედრაზე. შეიქმნა უხერხულობა, თუმცა მე დავესწარი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა ეხებოდა სამოქალაქო დავას ხაზარაძე-ჩხარტიშვილს შორის. მე იქ ხმაც არ ამომიღია. მე იქ მისული ვიყავი არა როგორც მთავარი პროკურორი, არამედ კერძო პირი კონკრეტულ საგანმანათლებლო პროექტთან დაკავშირებით.

- და ბიძინა ივანიშვილს რატომ უთანხმებდით ამას?

- საუბარი იყო ამ პროექტის დაფინანსებაზე.

გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დილის 11.00 საათიდან ამ დრომდე გრძელდება კითხვა პასუხის რეჟიმში ირაკლი შოთაძესთან, ყოფილ მთავარ პროკურორთან, რომელმაც ისევ გამოთქვა ამ თანამდებობაზე დაბრუნების სურვილი.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა მას შემდეგ, რაც მას ამისკენ მოუწოდებდა მთავარ პროკურატურასთან შეკრებილი ხალხი. საპროტესტო აქცია იმართებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამის, ზაზა სარალიძის, მხარდასაჭერად.

4 თებერვალს შოთაძემ განაცხადა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მან ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა და რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა, რადგან მან პირადი განცხადების გარეშე დატოვა თანამდებობა „საზოგადაოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით“.

ირაკლი შოთაძე ერთ-ერთია იმ 17 კანდიდატს შორის, რომლებიც აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს წარუდგინეს.

საქართველოს კანონდემბლობის თანახმად, საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, პარლამენტი კი უმრავლესობით აირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.