როგორ მოწმდება დღეს სათამაშოების უსაფრთხოება?

მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს, თუ როგორი სათამაშო შეიძლება ჩაითვალოს ბავშვისთვის სახიფრთოდ. სტანდარტები ახლადშექმნილმა უწყებამ- ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ უნდა გააკონტროლოს.

ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით საზღვარზე ვერ შემოვა ისეთი პროდუქტი, რომელსაც არ ახლავს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც პროდუქტის უსაფრთხოებას ადასტურებს, მაგრამ ეს კონკრეტული ცვლილება 2021 წლიდან ამოქმედდება.

რა ვითარება გვაქვს ახლა?

ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა სათამაშოების შესაბამისობა სტანდარტთან საქართველოს მასშტაბით უნდა შეამოწმონ. ახლა ამ ამოცანაზე მხოლოდ 10 ადამიანი მუშაობს.

მათ ევალებათ სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობის, ისე ფიზიკური მახასიათებლების დადგენა.

უსაფრთხოების დასადგენად მაგალითად შეიძლება შეფასდეს:

  • რამდენად ბასრია სათამაშო
  • ქმნის თუ არა სათამაშო ასფიქსიის რისკს
  • მოქმედებითი სათამაშო იმგვარად უნდა იყოს წარმოებული, რომ მაქსიმალურად შემცირდეს სხეულის ნაწილების მოტეხვის, გაჭედვის, დაცემის, ტანსაცმლის გაჭედვის, დაჯახების ან დახრჩობის რისკები.
  • ხმის გამომცემი სათამაშო იმგვარად უნდა იყოს დაპროექტებული და წარმოებული, რომ სათამაშოს მიერ გამოცემული მაქსიმალური მომენტალური ან/და განგრძობითი ხმა ვერ აზიანებდეს ბავშვის სმენას.

როგორ ხორციელდება მონიტორინგი?

ზედამხედველობის თანამშრომლები მაღაზიებში შედიან და 2021 წლამდე მხოლოდ რეკომენდაციას აძლევენ, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ დოკუმენტაცია, იყოს ლიცენზირებული პროდუქტი, ბავშვის ასაკის მიხედვით სათამაშოზე არსებობდეს გამაფრთხილებელი ნიშნები და ა.შ.

"პატარა მაღაზიებიდან დავიწყეთ, ბაზრობაზეც შევალთ და ყველგან, ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ობიექტი დავფაროთ.

ზოგადად, ჩვენ მათემატიკური, სტატისტიკური 100 % -იანი შემოწმებების განხორციელებას არ ვაპირებთ. ვიცით რამდენიმე მაღაზია რომელიც სამომხმარებლო პროდუქტის მაღალი სეგმენტია და არ საჭიროებენ დამატებით შემოწმებას.სადაც ვიყავით დოკუმენტური შეუსაბამობის შემთხვევებიც დაგვხვდა და ფიზიკურიც, ანუ სათამაშოს პატარა ნაწილები ჰქონდა და გამაფრთხილებელი ნიშნები არა.” - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა - რამაზ ობოლაძემ.

ზედამხედველობის ერთ-ერთი ფუნქციაა სათამაშოების ნიმუშების ქიმიურ ტესტირება. ლაბორატორიაში გაიგზავნება ის ნიმუშები რომლებზეც იარსებებს დასაბუთებული ეჭვი, რომ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს.

საფრთხეზე შეიძლება მიუთითებდეს - მწარმოებელი კომპანიის არასახარბიელო რეპუტაცია, წარმოების ქვეყანა, ან მაგალითად პროდუქტის ვიზუალური ნიშნები.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს, ზედამხედველობის სამსახურმა ნიმუშები საზღვარგარეთ აკრედიტებულ ლაბორატორიებში უნდა გაგზავნოს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ზედამხედველობის უწყებამ წელიწადში 250 000 ლარი უნდა იმყოფინოს საზღვარგარეთ ლაბორატორიებში სატესტო ნიმუშების გაგზავნაზე, გადასახადების გადახდასა და კიდევ სხვა ხარჯებზეც.

ამ მოცემულობით კონკრეტულად რამდენი სათამაშოს გაგზავნას შეძლებს ზედამხედველობის უწყება ამის თქმა თავად რამაზ ობოლაძესაც უჭირს.

"რამდენსაც შევძლებთ იმდენს შევამოწმებთ, რამდენის საშუალებასაც ბიუჯეტი მოგვცემს. ზუსტად მეც არ ვიცი. დროზე, ფულზე და ადამიანურ რესურსზეა დამოკიდებული."- ამბობს ის.​

ჯერ-ჯერობით მწარმოებლებს საზღვარზე კვლავაც შეეძლებათ უხარისხო და საფრთხისშემცველი პროდუქციის შემოტანა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს კი ადგილზე მოუწევთ რეაგირება და გასაყიდ ობიექტებში ჯერ მხოლოდ გარფთხილებების მიცემა. 2021 წლიდან კი რეკომენდაცებს საინქციები შეცვლის. ახალი რეგლამენტის მოთხოვნების შეუსრულობლობის შემთხვევებში რეალიზატორებს, მწარმოებლებს გაფრთხილებას მისცემენ, შემდეგ ჯარიმა დაეკისრებათ და პროდუქციის გაყიდვა შეეზღუდებათ.