მდინარაძის თქმით, ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში ენმ-ს ბათუ ქუთელია წარმოადგენს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის გაფორმებული კონტრაქტის შესახებ ილაპარაკა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მდინარაძე ამბობს, კონტრაქტის, რომელიც თარიღდება 2019 წლის ოქტომბრის თვით, მოქმედების პერიოდია 1 წელი და სრულდება 2020 წელს ოქტომბერში. მდინარაძის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, ლობისტური კომპანია ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაეხმაროს ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში. „ამ ფორმალური მიზნის ქვეშ რა საქმიანობაც უნდა განახორციელოს ლობისტურმა კომპანიამ, ალბათ ყველასთვის ნათელია. კონტრაქტი არის ღიად ატვირთული ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ელექტრონულ პორტალზე“, - დაამატა მდინარაძემ.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამაში, რა თქმა უნდა, გასაოცარი, უჩვეულო და სკანდალური არაფერია, რომ არა იმ პირის ვინაობა, ვინც კონტრაქტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლად არის მითითებული - ბათუ ქუთელია.

მდინარაძე განმარტავს, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, ქუთელია ფორმალურად არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

„[ბათუ ქუთელია] საჯარო სივრცეში მოქმედებს ე.წ. სამოქალაქო არასამთავრობო სექტორის და ე.წ. ობიექტური ექსპერტის სტატუსით, საუბარია ბათუ ქუთელიაზე, რომლის რეგალიაც დღეს არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი“, - ამბობს მდინარაძე.

ბათუ ქუთელია 2011 წლიდან 2013 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს. 2008-დან 2011 წლამდე კი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. 2007-2008 წლებში ბათუ ქუთელია იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2006-2007 წლებში კი - საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე. 2004 წელს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 2005-2006 წლებში ქუთელია ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო მანამდე - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტს.