პომპეო ყაზახეთში ვიზიტისას: ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა უფრო მოგებიანია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო (მარცხნივ) ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტლეუბერდისთან (ცენტრში) ერთად. 2020 წ. 2 თებერვალი.

ყაზახეთს შეუძლია ითანამშრომლოს ნებისმიერ ქვეყანასთან, მაგრამ ამერიკულ კომპანიებთან პარტნიორობა „უკეთეს შედეგებს უზრუნველყოფს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნურ-სულთანში ვიზიტისას.

მან მოლაპარაკებები გამართა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტლეუბერდისთან. მოლაპარაკებების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პომპეომ აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობით გარანტირებულია „სამუშაო ადგილების შექმნა, კონტრაქტების გამჭვირვალობა, თანაბარი ვალდებულებები და სამუშაოს ხარისხი“.

ამასთან, პომპეომ ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უიღურებისა და ყაზახების რეპრესიები სინძიანის ე.წ. პოლიტიკური აღზრდის ბანაკებში.

ყაზახეთში ვიზიტამდე პომპეო უკრაინას და ბელარუსს ესტუმრა. კიევში სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად. მინსკში მოლაპარაკებების შემდეგ კი პომპეომ თქვა, რომ აშშ მზადაა, „ასი პროცენტით“ უზრუნველყოს ბელარუსი ენერგორესურსებით „კონკურენტუნარიან ფასებში“.

ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში კრიზისის ფონზე. ბელარუსსა და რუსეთს შორის უთანხმოებაა ინტეგრაციის საკითხზე, ასევე, ენერგომატარებლების ფასებზე.