ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსოფლიოს მთავრობებს მოუწოდა, მოემზადონ კორონავირუსის გავრცელებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ეს განცხადება ორგანიზაციამ 1 თებერვალს გააკეთა. ამასობაში ჩინეთში 259-მდე გაიზარდა ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ჩინეთში ამ მომენტისთვის ვირუსით ინფიცირების 11791 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ჩინეთში ახალი სახეობის ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა უკვე რამდენიმე დღეა, გადააჭარბა 2002-2003 წლებში გავრცელებული ვირუსით, SARS-ით ინფიცირებულების რაოდენობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში SARS-ით დაავადდა 5327 ადამიანი, მთელ მსოფლიოში კი - 8000-ზე მეტი. ამ ვირუსმა 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
ამ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიო მასშტაბის საგანგებო ვითარება გამოაცხადა ახალი კორონავირუსით დაავადების გავრცელების გამო. ორგანიზაცია შიშობს, რომ ჩინეთის გარეთ მოსალოდნელია ადამიანიდან ადამიანზე დაავადების გადასვლის შემთხვევები.
„ქვეყნები მზად უნდა იყვნენ საიმისოდ, რომ შესაძლოა გარეშე დახმარება დასჭირდეთ, რათა დაავადების შემთხვევები რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინონ და დაავადების გავრცელებისთვის რაც შეიძლება მალე იყონ მზად, თუკი ეს მოხდება“, განაცხადა პეკინში WHO-ს წარმომადგენელმა.
WHO-ს გენერალურმა მდივანმა ტედროს აჰანომ ღებრეიესუსმა ჟენევაში განაცხადა, რომ ჯანმრთელობის სფეროში საგანგებო ვითარების მიუხედავად, „არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ჩავერიოთ საერთაშორისო ვაჭრობასა და მოგზაურობაში“.
31 იანვარს აშშ-მა ქვეყანაში შესვლაზე დროებითი აკრძალვა დააწესა უცხოელებისთვის, რომლებმაც უკანასკნელ ხანებში ჩინეთში იმოგზაურეს.
1 თებერვალს მსგავსი ზომები გამოაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა. მანამდე იგივე გააკეთეს იაპონიამ, იტალიამ, მონღოლეთმა და სინგაპურმა.