კორონავირუსი არ აქვს 2 პაციენტს; 2-ის დიაგნოზი უცნობია

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გერმანიაში გაიგზავნება იმ ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის ბიოლოგიური მასალა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. პასუხის მიღებას კი 2-3 დღე დასჭირდება. თუმცა, თენგიზ ცერცვაძის თქმით, „ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ მათთან კორონავირუსის საფრთხე ძალიან მინიმალურია“.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც გუშინ გუდაურიდან ოჯახის წევრებთან (9-კაციან ჯგუფთან) ერთად ჩამოიყვანეს, არ დაუდასტურდათ კორონავირუსის ინფექცია და მათ მხოლოდ A ტიპის გრიპი აქვთ. ბავშვები რჩებიან ინფექციურ საავადმყოფოში, როგორც ჩვეულებრივი გრიპით ავადმყოფები.

რაც შეეხება სხვა ორ პაციენტს. საქართველოს მოქალაქე 24 წლის მამაკაცს, რომელიც ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა, გამოკვლევის თანახმად, პნევმონია არ აქვს, რაც კორონავირუსით ინფექციის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა, მაგრამ ჯერჯერობით ადგილზე ჩატარებული კვლევით არც სხვა რომელიმე ცნობილი ვირუსული ინფექცია გამოვლენია.

„ვირუსოლოგიური გამოკვლევით არ დადგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი. ანუ, 20 გამომწვევიდან არც ერთი არ იქნა ნანახი, რის გამოც რჩება თეორიული შანსი, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირება მხოლოდ სამი ქვეყნის გარდა არსად ხდება. დიდ ალბათობით მინდა გითხრათ, როგორც მრავალი წლის გამოცდილების მქონე ინფექციონისტმა, რომ მას კორონავირუსის მსგავსი ცვლილებები არ აღენიშნება. ასე რომ, მას დიდი ალბათობით კორონავირუსის ინფექცია არ აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, იდენტური მდგომარეობაა მეოთხე პაციენტთან მიმართებითაც. ახალგაზრდა ქალი გუშინ ჩამოფრინდა დუბაიდან, ის მანამდე ქალაქ უჰანში, მოგვიანებით კი ტაილანდში იმყოფებოდა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქალი იმყოფებოდა ეპიდემიის ეპიცენტრში, ქალაქ უჰანში, რის გამოც გაძლიერებული იყო მის მიმართ ყურადღება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, არც ამ ქალს არ აღმოაჩნდა პნევმონია.

„ვირუსოლოგიური კვლევით, აქაც გრიპის ვირუსი ან სხვა რომელიმე ვირუსი, რომელიც მსგავს სინდრომებს იწვევს, არ იქნა ნანახი. მისი სისხლიც გადაიგზავნება გერმანიაში. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნება ტემპერატურის მატება. ძალიან დიდი ალბათობით, აღნიშნულ ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს არ აქვთ კორონავირუსი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

31 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 9000-ზე მეტი მოქალაქე. 213-მდე გაიზარდა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.