WHO მსოფლიო მასშტაბით საგანგაშო ვითარებას აცხადებს ახალი ვირუსის გამო

ტედროს ადჰანომ ღებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მსოფლიო მასშტაბით საგანგაშო ვითარება გამოაცხადა ჩინეთიდან გავრცელებული ახალი ვირუსის გამო, რომლის შემთხვევებიც მიმდინარე კვირაში ათჯერ გაიზარდა.

გადაწყვეტილება გამოაცხადა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი, გადაუდებელი სიტუაციების კომიტეტის შეხვედრის შემდეგ, იმ ფონზე, როცა ვირუსი უკვე 18-მდე ქვეყანაშია აღმოჩენილი.

"მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩინეთის მიმართ უნდობლობას" - განაცხადა მან და დასძინა: "ჩვენ ყველაზე მეტად გვაშფოთებს ის, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ქვეყნებში, რომლებსაც უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვთ".