ახლახან 100 წელი შესრულდა გალაკტიონ ტაბიძის რიგით მეორე და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის, „Cran Aux fleurs artistiques“ („თავის ქალა არტისტული ყვავილებით“) გამოცემიდან. კრებულში, რომლიც 2000 ტირაჟით დაისტამბა, პოეტმა თავი მოუყარა 1914-1919 წლებში დაწერილ ლექსებს. წიგნმა გულგრილი ვერ დატოვა მაშინდელი პრესა. 1920 წლის თებერვალში ქართულ გაზეთებში დაიწერა რეცენზიები „თეთრი მეფე“, „გენიალური გალაქტიონი“ და ა.შ. ეს ის დროა, როცა პოეტი ჯერ ისევ გალა-ქ-ტიონად იწოდება და არა გალა-კ-ტიონად.
1919 წლის ბოლოს გამოსულ კრებულს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, რომელმაც 1920 წლის 29 თებერვლის ნომერში, პირველ გვერდზე დაბეჭდა ახალგაზრდა გალაკტიონის პორტრეტი შესრულებული დავით კაკაბაძის მიერ. ამავე ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალის დამფუძნებლისა და რედაქტორის, იოსებ იმედაშვილის წერილი „თეთრი მეფე“, ხელმოწერილი „იოსებ არიმათიელის“ ფსევდონიმით.
„ხანგრძლივ ნაზამთრი, ახალ გაზაფხულს შესწრებიხართ თუ არა მთის მწვერვალზე მზის პირველ სხივებს, - აი გალაქტიონ ტაბიძის პოეზიის ელვარება და პირველი სალამი; გინახავთ თუ არა კამკამა, უმწიკვლო ქაფი, ან ბუჩქის ძირას ახლად ამოტყორცნილი ია, ახალ გაფურჩქნილი ვარდი, ყნოსვას რომ უმანკო სურნელებით გიტკბობთ, აი გალაკტიონის შემოქმედების შინაგანი“, - ვკითხულობთ წერილში.
ის, რომ „თეატრმა და ცხოვრებამ“ ყველა სხვა გამოცემას დაასწრო გალაკტიონის ქება, გასაკვირი არ არის. პოეტმა ხომ ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ აიდგა „სამგოსნო ფეხი“ ჯერ კიდევ 1909 წელს.
იოსებ იმედაშვილი „გრძნობათა თეთრი მეფის“ ტიტულით ამკობს გალაქტიონს“ და შენიშნავს: „გალაქტიონი ჯერ კიდევ საუკეთესო ყურძნის წვენისებურ დუღილშია, მას თავისი საბოლოო სიტყვა არ უთქვამს, და რა თქმა უნდა, ჯერ ვერც კრიტიკა იტყვის შეუმცდარს“.
ბევრად ვრცელი წერილი მიუძღვნა „არტისტული ყვავილების“ გამოსვლას „საქართველოს რესპუბლიკამ“. 1920 წლის 2 მარტის ნომერში ვახტანგ გარიკი (ვახტანგ ვაჩნაძის ფსევდონიმი) წერს, რომ „არტისტული ყვავილების“ ავტორში უნდა გაცოცხლდეს ახალი "ესტეტიური საქართველო".
გალაკტიონი შედარებულია ნიკოლოზ ბარათაშვილთან, უდიდეს პოეტთან, „რომლის ტანჯვა და პესიმისტური მსოფლმხედველობა თანაბარი იყო ჰამლეტის ტრაურისა“. ავტორი დარწმუნებულია, რომ გალაქტიონ ტაბიძე ქართულ ლიტერატურაში განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერს.
„იშვიათია პოეტს ჰქონდეს ისეთი შინაგანი განათება და ხმაური - როგორც ეს გალაქტიონ ტაბიძეს.
გალაკტიონ ტაბიძე მუსიკალური რიტმის ჯადოსანია. პოეტმა იცის მუსიკალური პათოსი და ის ხმარობს იმისთანა სიტყვათა კომბინაციებს, რომლებიც ქმნიან ლექსს მუსიკალურ კასკასად. მის ლექსის რიტმებში არის მინორი და სიტყვების ფიგურაცია.
შეიძლება გალაქტიონ ტაბიძეს ბევრგან რითმამ უმუხთლოს, მაგრამ პოეტის მუსიკალური რიტმი კი მასთან იქნება, თანამედროვე ხელოვნებას ერთი რამ ახასიათებს. ეს არის მისი ლაკონიზმი. ნერვიული ხანა ვერ ითმენს სიტყვის გაგრძელებას. მას უყვარს სიტყვის მოკვეთა. სწრაფი, ალეგორიული თქმა. ასეთია გალაქტიონ ტაბიძის ლექსიც.
მაგრამ მეორე უარყოფითი მხარეც აქვს თანამედროვე ხელოვნებას. ეს არის დეკადანსი, რომელიც სწრაფი სვლით უფსკრულისკენ მიდის. გემოვნების და ფანტაზიის დაქუცმაცება. გრძნობა და გონების გახრწნა. კოშმარულ ვნებათა განცდანი.
გალაქტიონ ტაბიძე ამაზე შორსა სდგას. ის ესტეტია, ლამაზი შემეცნების პოეტი. ფაქიზი და უნაზესი სულის პატრონი. დანტეს და პეტრარკას ცის ქვეშ იზრდებიან ასეთი პოეტები“, - ვკითხულობთ 100 წლის წინანდელ „საქართველოს რესპუბლიკაში“, რომლის ავტორი დარწმუნებულია იმაში, რომ გალაქტიონ ტაბიძე არც ერთ სხვა პოეტს არ ჰგავს და, რომ მისი ლექსი ნაზი ფიქრებით არის მოქსოვილი:
„მე არ ვაძლევ ახალგაზრდა პოეტს ჯერ დიდების გვირგვინს. მას ჯერ დიდი გზა აქვს სავალი, მაგრამ ის უეჭველია დაიდაფნება იმ პოეტებთან ერთად, რომელთაც დადაფნის უფლება აქვთ. მათი რიცხვი ძალიან მცირეა. მე არ გადმოვთვლი. თვით ისტორია გადმოსთვლით მათ. ისტორია - საუკეთესო დამფასებელია და ის შეინახავს წმინდა ხალასს და გარიყავს ზედმეტს ბალასტს“.
ისტორია გალაკტიონის მართლა საუკეთესო დამფასებელი გამოდგა. ასევე გამართლდა ვახტანგ გარიკის (ვაჩნაძის) ვარაუდი: დაიდაფნა გალაკტიონი, თანაც ყველა ქართველ პოეტზე მეტად დაიდაფნა!