აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოშია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ახალი ელჩი უკვე თბილისშია.

მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი თეთრმა სახლმა 2019 წლის სექტემბერში წარადგინა, იმავე წლის დეკემბერში კი აშშ-ის სენატმა საბოლოო თანხმობა მისცა მის კანდიდატურას საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე.

17 იანვარს ფიცის დადების ცერემონიალზე კელი დეგნანმა საქართველოსა და ამერიკის იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთის ოკუპაციას.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიალზე.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი, იგი მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

კელი დეგნანი ოფიციალურად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას უახლოეს დღეებში, მას შემდეგ შეუდგება, რაც რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.