საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ილაპარაკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ.
„ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით, კი. იმიტომ, რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება, გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, ვინც, სწორედ, ლავროვისგან გვიცავენ. ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება, ისინი გაღიზიანდნენ? კი, შეიძლება, საქართველოს შესახებ ნეგატიური „პიარი" წავიდეს? კი“, - ამბობს მარგველაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი სხვა ვარიანტის შესახებაც გამოთქვამს მოსაზრებას.
„მეორე მომენტია, ლავროვის არშემოშვებით რა შეიძლება მოვიგოთ? ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება, ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები“, - თქვა ექსპრეზიდნეტმა.
გიორგი მარგველაშვილი სერგეი ლავროვის ჩამოსვლის დადებით მხარეებზეც საუბრობს.
„ამ შემთხვევაში მემგონი ლავროვის შემოშვება შესაძლებლობასაც გვაძლევს. ლავროვის აქ ვიზიტის დროს ფაქტობრივად ყველა ევროპული ტელეარხი იქნება ჩვენზე ფოკუსირებული. ლავროვის ჩამოსვლას ქართული საზოგადოება, სავარაუდოდ, შეხვდება მიუღებლობით. ამ მიუღებლობის ისეთ დონეზე აყვანა, ისე ცივილიზებულად გამოჩენა, ისე წარმოჩინება ჩვენი ევროპელი მაყურებლის წინაშე რამდენად ის ჩვენთვის მიუღებელია და ამავე დროს, რამდენად ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ევროპელებს, ის კი არა, ჩვენ დავთმეთ რამე. ამის ჩვენება, ქართველები, როგორები ვართ: ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ რამდენად ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - თქვა მარგველაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ დავიცვათ საერთაშორისო ვალდებულებები... ჩვენ ვხელმძღვანელობთ საპარლამენტო ასამბლეის წესებითა და ამ ორგანიზაციის პრინციპებით. ეს არ არის ადვილი, ეს არ არის იოლად მისაღები მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველო - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.
მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.
2019 წელს გამართულ შეხვედრას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში სერგეი ლავროვი ესწრებოდა.