კონგრესმენმა ოლსონმა ივანიშვილს უწოდა „მარიონეტი, რომელიც საკუთარ სახლს ანადგურებს“

კონგრესმენი პიტ ოლსონი

რესპულიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა, რომელმაც მანამდეც გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლისთვის, ამჯერად თავის კრიტიკა უშუალოდ მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტეხასიდან ბიძინა ივანიშვილი შეადარა ცნობილი საბავშვო შოუს "სეზამის ქუჩის" ერთერთ თოჯინას, ოსკარს და უწოდა „მარიონეტი, რომელიც ანდგურებს საკუთარ სახლს“.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა კონგრესში საკუთარი გამოვლის ვიდეოჩანაწერი და ტექსტი, რომელიც მთავრდება სიტყვებით:

„დღეს წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლის დროს მხარი დავუჭირე საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც სურს წერტილი დაუსვას კორუფციასა და რუსეთის გავლენას თავის ქვეყანაში,“ - წერს კონგრესმენი პიტ ოლსონი.

წარმომადგენლეთა პალატაში კონგრესმენ ოლსონის გამოსვლა, რომელიც ამერიკული ენერგოკომპანია "ფრონტერას" ინტერესებს იცავს, ეხებოდა ამ კომპანიის დავას საქართველოს მთავრობასთან.

უფრო ადრე პიტ ოლსონი შეუერთდა სხვა კონგრესმენების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს მთავრობის მისამართით.

რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე მაშინ წერდა, რომ ეთანხმება კოლეგას, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს, რომ „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ და რომ "საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, სისასტიკე გამოიჩინა სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ და ანტაგონისტურია აშშ-ის ინვესტიციების მიმართ, რაც ორივე ქვეყანას წაადგებოდა."