5 სკამი და 2 ტრენაჟორი მზიანეთში

Your browser doesn’t support HTML5

გარდაბნის რაიონში, სოფელ მზიანეთში, სოფლის განვითარების პროგრამიდან გამოყოფილი თანხით, 11 216 ლარად, ღია სივრცეში სპორტული ტრენაჟორები მოაწყვეს. მუნიციპალიტეტმა ყველაფერი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით, 12 სექტემბერს შეიძინა და, როგორც დღეს ამბობენ, მოედანს ბავშვების სათამაშოდ და უფროსების შესაკრებად თავად მოსახლეობა ითხოვდა.
სოფელ მზიანეთში უჭირთ თქვან, რა არის ის, რაც სოფლის განაპირას დაიდგა და ფილებით მოპირკეთებულ ხელოვნურ ბალახზე დადგმული 5 სკამისა და ორი ტრენაჟორისგან შედგება. მოსახლეობის თქმით, ბავშვებს აქ თამაში გაუჭირდებათ, რადგან სკამებისა და სავარჯიშოების გარშემო ნაგავი და შინაური ცხოველების სადგომებია. ეს ტერიტორია ერთნაირად დაუცველია მზიან, ქარიან, წვიმიან და ყინვიან ამინდებში.

მზიანეთში ადგილობრივები მოედნის გარდა სხვა საჭიროებებზეც ლაპარაკობენ. მათ აწუხებთ მიწების დარეგისტრირების სირთულე, მოშლილი სარწყავი სისტემა, უმუშევრობა, ტროტუარების არარსებობა და ნაგავი, რომელიც ყველგან ყრია.

სოფლის მცხოვრებლები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და სწუხან, რომ სარწყავი სისტემის მოშლის შემდეგ ხეხილით სავსე ბაღები და ვენახები გახმა, ახალი სისტემის გაკეთება კი წლებია არ ხერხდება. აქ მოსახლეობის დიდ ნაწილს სვანეთიდან გასულ საუკუნეში ჩამოსული ეკომიგრანტები შეადგენენ.