„იმ შემთვევაში, თუკი ვერ იპოვიან ჩემს ძველ ველოსიპედს, ახალს მაჩუქებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბრიტანელმა მოგზაურმა როუან კემპბელმა, რომელსაც სამი დღის წინ ველოსიპედი თბილისში მოპარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველების ერთი ჯგუფის ინიციატივით მოგზაურისთვის ახალი ველოსიპედი გამოიძებნა, როუან კემპბელი საჩუქრის მიღებამდე რამდენიმე დღე გამოძიების შედეგებს დაელოდება.
ქალაქის ცენტრში ველოსიპედის ქურდობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. თუკი მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში პოლიცია ვერ იპოვის მოპარულ ველოსიპედს, მოგზაურს ახალს გადასცემენ.
„შთამბეჭდავი შემოთავაზებაა! ველოსიპედს თუ დაკარგავ, როგორც ჩანს, ამისთვის საუკეთესო ადგილი საქართველოა“, - ამბობს იგი.
ველოსიპედი ბრიტანელ მოგზაურს რუსთაველის გამზირზე, ორი დღის წინ მოპარეს. მისი თქმით, ნივთები, რომლებიც ველოსიპედთან ერთად დაკარგა, მან 25 იანვარს რუსთაველის გამზირზე, ნაგვის ურნაში ნახა და პოლიციას შეატყობინა.
როუან კემპბელი ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ სინგაპურიდან ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ამ დროის განმავლობაში მან 11 ქვეყანა გამოიარა. თბილისში დარჩენა კი სამი კვირით აქვს დაგეგმილი.