ლუკაშენკო მოსკოვს ბელარუსის რუსეთთან გაერთიანების იძულებაში ადანაშაულებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვი დაადანაშაულა მის ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენაში საიმისოდ, რომ ის რუსეთს შეუერთდეს და იქვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს დაუშვებს.

24 იანვარს, აღმოსავლეთ უკრაინაში, ქაღალდის ქარხნის მუშების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი - რომელიც ბელარუსს იაფ ნავთობს და გაზს აწვდის - იმისთვის, რომ ის ნავთობზე მინსკის დამოკიდებულებას იყენებს ქვეყნის რუსეთის წიაღში "გაქრობის" მიზნით.

"ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, სუვერენულები და დამოუკიდებლები ვართ. ჩვენი გონებით და ხელებით რასაც ვახერხებთ, იმას გამოვიმუშავებთ, ჩვენს ქვეყანას ვაშენებთ. და არ შეგვიძლია რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილი ვიყოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა: "მე თქვენ ვერ გიღალატებთ და ბელარუსს ვერ გავაქრობ თუნდაც მოძმე რუსეთში. ... ამას რომც დავთანხმდე, ბელარუსი ხალხი ერთ წელიწადში ცოცხლად შემჭამს".

ლუკაშენკომ, რომელიც პრეზიდენტად ამ თანამდებობის შექმნიდანვე, ანუ 1994 წლიდანვე მუშაობს, ასევე თქვა, ბელარუსის პრეზიდენტობა "პატივია, მაგრამ ნამდვილად არ მსურს უკანასკნელი ვიყოო".

ბელარუსი ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე საწვავის და ფინანსების კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ადგილს რუსეთის ენერგიის გასატანად ევროპაში. გარკვეული პერიოდია ბელარუსს უთანხმოება აქვს რუსეთთან ნავთობის ტრანზიტის ფასებსა და ტარიფებზე, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ლუკაშენკოზე მზარდ ზეწოლას ახორციელებს საიმისოდ, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ინტეგრაცია. ორი ქვეყანა ვერ შეთანხმდა ნავთობის მიწოდების კონტრაქტზე 2020 წლისთვის, რის გამოც რუსეთმა მიწოდება შეუწყვიტა ბელარუსის გადამამუშავებელ საწარმოებს, თუმცა მიწოდება 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.