ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი ოჯახი განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედებისა და საშიშროების საფრთხის წინაშე დგას. 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე სხდომის დაწყებამდე ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, რომ მის მეუღლეს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა მაშინ, როდესაც ოფიციალურად დადგენილება, საკუთრების დადგენის მიზნით, მანქანაზე თვალთვალს შეეხებოდა:
„ერთ-ერთი საქმე ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო. ჩვენ ეს არც დაგვიმალავს, სარგებლობდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვები. ცხადია, რომ ამაში დანაშაულებრივი არაფერი არ არის. იმიტომ, რომ ეს ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა,. მაგრამ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ უნდა დაედგინა, ეს მანქანა რეალურად არის თუ არა სარგებლობაში ჩვენი ოჯახის. ეს ჩვენთვის რომ ეკითხათ, მარტივ პასუხს მიიღებდნენ, ჯერ ერთი, დავადასტურებდით და, ამავდროულად, ეს მანქანა იდგა ჩვენს სადგომზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, პროკურატურა მის მეუღლეს, რომელიც თვალთვალის დოკუმენტებში მოხსენიებულია, როგორც ობიექტი ლაბაძე, მის წინააღმდეგ ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იყენებს:
„ამ კრეპსებში არის 28 დღის განმავლობაში თვალთვალი ჩემს მეუღლეზე. აქ არის აღწერილი 28 დღის განმავლობაში მისი გადაადგილებები. მისი და არა მანქანის, რომელიც თითქოს უნდა დადგენილიყო. მწვანეთი მაქვს აღნიშნული. სულ ორჯერ, ორ დოკუმენტში ფიგურირებს ის მანქანა, დანარჩენი არის სხვა მანქანა, ან ჩემი, ან ჩვენი მეგობრების. გადაადგილებები არის ჩემთან ერთად, ჩემს გარეშე სამსახურში. მე მინდა კითხვა დავსვა - როცა ადამიანი სამსახურში მიდის და იქ ელოდებიან და უთვალთვალებენ, მანქანა რა შუაშია? სტუმრად რომ მივდივართ და დილის 4 საათზე გამოვდივართ და სახლში ვბრუნდებით სხვა მანქანით, ის მანქანა აღარ არსებობს, მანქანის დადგენასთან ამას რა კავშირი აქვს. 28 დღე რას უთვალთვალებდნენ? რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და ჩემი შვილების გადაადგილება და ამის დეტალური აღწერა?“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. მან ყურადღება გაამახვილა ასევე უკანონო თვალთვალის ფაქტებზეც და განაცხადა, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება:
„უკვე ოფიციალურ კადრებს რო გვიგზავნიან ბავშვების, ოფიციალურ დოკუმენტებს ცოლის გადაადგილების, მე მგონია, რომ ეს არის საომარი მოქმედებები საკუთარი მოქალაქეეების წინააღმდეგ. ჩვენმა ოჯახმა მიიღო უკვე ომის გამოცხადება დიდი ხანია და დღეს საბოლოოდ ვაცხადებ - ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში, ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ, როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის, ჩვენი პოზიციისთვის, ჩვენი სიმტკიცისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის. ჩვენ მას დავამარცხებთ და დამარცხებულს მოვექცევით უკეთესად, ვიდრე ის გვექცევა ჩვენ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალი პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში უარყო მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ მისი ოჯახის თვალთვალის ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.
საგამოძიებო უწყება აცხადებდა, რომ ვიდეოჩანაწერი გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამომძიებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებაა და არა თვალთვალის ვიდეო. უწყების მტკიცებით, ჩანაწერი ადასტურებდა, რომ 232 000-ზე მეტი ლარის ღირებულების „პორშეთი“ სარგებლობდა პირადად ნიკა გვარამია და მისი ოჯახი.
ნიკა გვარამია ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ „პორშე“ მისმა ცოლმა იყიდა განვადებით, თუმცა ვერ გადაიხადეს, დააბრუნეს და ჯარიმას იხდიან.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი "Porshe Macan S" და, ამ სქემის შენიღბვის მიზნით, ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.
გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.