თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე რექტორის ნაშრომში პლაგიატს უარყოფს

„მე გახლდით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ნახა ეს ტექსტები და რაც შემიძლია განვაცხადო, გახლავთ ის, რომ ეს თანხვედრა ეხებოდა მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილებას და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო და არ არის პლაგიატი“, - უთხრა ჟურნალისტებს თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ქეთევან ხუციშვილმა, ამავე უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომის შესახებ.

ხუციშვილის განმარტებით, ანტიპლაგიატის (Turniitin) პროგრამამ მხოლოდ საკანონმდებლო დადგენილება აჩვენა და პლაგიატი არ დადასტურდა.

„შესაბამისად, ყველანაირი სხვა კომენტარი აქ გამორიცხულია, როდესაც არ არის პლაგიატი, ვეღარ იქნება ლაპარაკი შესაბამის პასუხიმგებლობაზე“, - ამბობს ხუციშვილი.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.

ეს დასკვნა პროფესორმა მისი მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია.

იაგო კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ უნივერსიტეტის რექტორმა, "დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turniitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის! ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა".

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.