საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრნენ ოკუპაციის შედეგებზე

მავთულხლართები ხურვალეთთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ბრიუსელში შეხვდნენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალას.

პარლამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და "ბორდერიზაციის" უკანონო პროცესს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს საერთაშორისო საზოგადოების, პირველ ყოვლისა, ევროკავშირის ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. კახა კუჭავამ და ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვეს, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.