აშშ-ის სენატში განახლდება პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა

21 იანვარს აშშ-ის სენატში გაგრძელდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხის განხილვა.

ერთი დღით ადრე, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის მემორანდუმი, რომლის თანახმად, სენატის განხილვის საგნად ქცეული იმპიჩმენტის მუხლები ამერიკის კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

დოკუმენტის მიხედვით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების აშკარად პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი იმპიჩმენტის მუხლები სენატმა უნდა მოხსნას, რადგან ეს პროცესი აუფასურებს იმპიჩმენტის უდიდეს ძალას. მემორანდუმში ნათქვამია, რომ პროცესში, რომლის შედეგი იყო იმპიჩმენტის მუხლების ინიცირება, დაირღვა სამართლიანობის ყველა პრინციპი და პრეცედენტები, რაც 150 წლის განმავლობაში დაცული იყო იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ამისა, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა მხოლოდ იმის დამტკიცება შეძლეს, რომ პრეზიდენტს დასაგმობი არაფერი გაუკეთებია.

დონალდ ტრამპის იურისტების მიერ სენატისთვის წარდგენილ 110-გვერდიან დოკუმენტში დემოკრატების მიერ პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდებები შეფასებულია როგორც პოლიტიკური, ზედაპირული და საშიში. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ბრალდება არ შეიცავს ტრამპის მიერ კანონის დარღვევის მტკიცებულებებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, 18 დეკემბერს, ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლის მუხლებით.

დემოკრატები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ უფლებამოსილების პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში. დემოკრატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

იმპიჩმენტის საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს სენატი, სადაც უმრავლესობა აქვთ დონალდ ტრამპის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს.

აშშ-ის სენატში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესი 16 იანვრიდან დაიწყო, როცა კონგრესის ზედა პალატაში საჯაროდ წაიკითხეს იმპიჩმენტის შესახებ ორი მუხლი. პროცესს მოსამართლე ჯონ რობერტსი ხელმძღვანელობს.