ოპოზიცია საპროტესტო აქციებს, მათ შორის, პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებს

პარლამენტის პიკეტირების აქცია 2019 წლის ნოემბერი

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს, 20 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაგრძელდება სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირება და 4 თებერვლიდან, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად განახლდება პარლამენტის პიკეტირების აქცია.

„ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე "ქართული ოცნება" არ შეასრულებს თავის დანაპირებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე მივლენ ჩამოშლილები. მათ აქვთ ორი ალტერნატივა - ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ", - განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის გეგმა მწვავე პროტესტის გაგრძელებაა. "ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, იმიტომ, რომ მორყეულია ივანიშვილისა და მთელი მისი კლოუნების რეჟიმი. მაგრამ, თუ, ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან, ოღონდ ამ შემთხვევაში, ეს იქნება არანორმალური სცენარი და ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთმანეთისგან განვსხვავდებით ფასეულობებით და ყველაფრით, შევჯერდებით მაჟორიტარულ ოლქებში და შემდეგ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს, სადაც ერთმანეთის კონკურენცია გვექნება", - განუცხადა მედიას გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების გაგრძელებას, მომდევნო შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წინა შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართა, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, თუმცა, მაჟორიტარული მანდატების 73-დან 50-მდე შემცირება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. მანამდე ხელისუფლება არ დაეთანხმა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.