ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრისას უთხრა, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმეოროს ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთზე, მსგავსად იმისა, როგორც ეს მოხდა 2018 წელს, როცა სოლსბერიში ნერვული აგენტით მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი.
ჯონსონის ოფისის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერი პუტინს შეხვდა ბერლინში, ლიბიის საკითხზე მიმდინარე სამიტზე და უთხრა, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობა ნორმალურს არ დაუბრუნდება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის "დესტაბილიზაციის გამომწვევ" ნაბიჯებს.
"პრემიერ-მინისტრის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაცია არ იქნება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს დესტაბილიზაციის გამომწვევ მოქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოს და ჩვენს მოკავშირეებს და ძირს უთხრის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჩვენს კოლექტიურ უშიშროებას" - აცხადებს ჯონსონის ოფისი.
განცხადების თანახმად, ჯონსონმა პუტინს უთხრა, რომ "გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არ შეცვლილა სოლსბერისთან მიმართებით, რომ ეს იყო ქიმიური იარაღის თავზეხელაღებული გამოყენება და ბრიტანეთის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის თავხედური მცდელობა".
კრემლი უარყოფს ბრიტანეთის ბრალდებას, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" გამოიყენეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა, რათა სკრიპალზე შური ეძიათ ბრიტანეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნების ჯაშუშურ სამსახურებთან თანამშრომლობის გამო. სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია, დღეების განმავლობაში იყვნენ კომაში, მაგრამ გადარჩნენ და მას შემდეგ მიმალვაში არიან.