რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი მოელის, რომ აშშ და ნატო საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ არ წააქეზებენ

რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ, მედიის შეკითხვებზე წინასწარ მომზადებულ პასუხებში. ისინი არ გაუხმოვანებიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სერგეი ლავროვის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2019 წლის მუშაობის შედეგებს ეხებოდა, იტყობინება რუსეთის სააგენტო „ტასი“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

რუსეთის დიპლომატიური უწყება მოელის, რომ „აშშ და ნატო სერიოზულად მოეკიდებიან ჩვენს გაფრთხილებებს და არსებითად, შეწყვეტენ რუსეთთან კონფრონტაციისკენ თბილისის წაქეზებას“.

რუსეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“.

რუსეთის საგარეო უწყება მიუთითებს, რომ ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. სამინისტროს საიტზე წაიკითხავთ: მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის.