ირანში დააკავეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი. ამის შესახებ დღეს, 14 იანვარს განაცხადა ირანის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა. მას დაკავებულთა ვინაობა ან რაიმე სხვა დეტალი არ დაუსახელებია.
დღესვე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ საგანგებო ტელემიმართვისას განაცხადა, რომ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად უნდა შეიქმნას სპეციალური სასამართლო მაღალი რანგის მოსამართლეებისა და ათობით ექსპერტის მონაწილეობით.
როჰანიმ თვითმფრინავის ჩამოგდებას მძიმე და უპატიებელი შეცდომა უწოდა და თქვა, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საქმის გამოძიების პროცესს მთელი მსოფლიო აკვირდება. როჰანის შეფასებით, პირველი კარგი ნაბიჯი იყო იმის აღიარება, რომ თვითმფრინავი ირანის ძალებმა ჩამოაგდეს.
ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ სამგზავრო „ბოინგი 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.
თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი. ყველა მათგანი დაიღუპა - უკრაინის 11, ირანის 82, კანადის 63, შვედეთის 10, ავღანეთის 4, გერმანიის 3 და დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქე.
ირანის ხელისუფლება კატასტროფის ვერსიად ძრავის გაუმართაობას ასახელებდა, თუმცა, 11 იანვარს აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.
სამგზავრო „ბოინგის“ ჩამოგდებამდე რამდენიმე საათით ადრე, ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყის ბაზებზე მყოფ ამერიკელ სამხედროებზე.