რაულ ხაჯიმბა "პრეზიდენტად" კენჭისყრას აღარ აპირებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი რაულ ხაჯიმბა ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, - ამის შესახებ რუსული სააგენტოები „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ იუწყებიან ყოფილ დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ასლან ბარციცზე დაყრდნობით. მან "ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა" დღეს, 13 იანვარს დატოვა.

ბარციცის განცხადებით, ხაჯიმბა აფხაზეთში დარჩება და კვლავ მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის თქმით, რაულ ხაჯიმბამ გადაიფიქრა „უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის“ გადაწყვეტილების გასაჩივრება „სასამართლოს პრეზიდიუმში“, რადგან ამის აზრს ვერ ხედავს.

ბარციცმა არ გამორიცხა, რომ ხაჯიმბას თანამოაზრეები ე.წ. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერენ რომელიმე კანდიდატს.

რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“, 12 იანვარს, გვიან საღამოს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბამ ეს ნაბიჯი გადადგა „ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“.

ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.