აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ნებაყოფლობით გადადგომას დათანხმდა. როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იტყობინება, შესაბამისი განცხადება უკვე ხელმოწერილია.
კვირას, დღის მეორე ნახევარში, მომიტინგეები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში აკონტროლებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ლიდერმა ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ თავშეყრილებს სურთ შეიტყონ, რა გადაწყვიტა რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც 12 იანვარს გაიმართა.
ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შუამავლობით.
ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად რუსეთის დე ფაქტო საელჩოში მიმდინარეობს შეხვედრა ოპოზიციის ლიდერ ასლან ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადისლავ სურკოვს შორის, რომელიც დღეს ჩავიდა სოხუმში.
ოპოზიციონერი დეპუტატი ბატალ ტაბაღუა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გავიდა და მათ წაუკითხა ხაჯიმბას გადადგომის შესახებ დოკუმენტი. შეკრებილები ცნობას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.