ირანის რევოლუციური გვარდია „სრულ პასუხისმგებლობას“ კისრულობს უკრაინის ავიალაინერის ჩამოგდებისთვის

ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალმა ამირალი ჰაჯიზადემ განაცხადა, რომ სამხედრო-საჰაერო შენაერთი „სრულ პასუხისმგებლობას“ კისრულობს უკრაინის კომერციული ავიალაინერის ჩამოგდებისთვის.

მანამდე ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა შაბათს დილით აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა“ და რომ ის „შემთხვევით“ მაშინ ჩამოაგდეს, როდესაც „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „მგრძნობიარე ტერიტორიას“ მიუახლოვდა.

ირანი სამი დღის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა ვარაუდებს იმის შესახებ, რომ უკრაინული „ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტის სიახლოვეს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი - 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი.