კაკულია ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებას რუსული საფრთხის მიმართ ივანიშვილის ხედვას უკავშირებს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურის დაწყებას საგარეო პოლიტიკას უკავშირებს.

„რატომ დაეტაკა მთავრობა მთლიანად მამუკა ხაზარაძეს? მეც მიკვირს ეს. მამუკა ხაზარაძისნაირი ბევრი გვყავდა? არ გვყავდა. იმიტომ დაეტაკა, ჩემი აზრით, რომ მან საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით თუ ვერ გააკეთა სწორი ორიენტირი. სწორიც კი არა, შეიძლება, მისი ხედვა თუ არ დაემთხვა, ეს უკვე მისი [მამუკა ხაზარაძის] პრობლემაა, რა თქმა უნდა. მე გეუბნებით პირდაპირ, აი ამ ნარატივში, ბიძინა ივანიშვილი არის თუ არა რუსული პროექტი თუ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ვდგავარ იმ ადამიანების მხარეზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რუსული საფრთხის თავიდან აცილების პოლიტიკა”, - თქვა რომან კაკულიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

შეკითხვაზე, რატომ დაიწყო პროექტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში? კაკულია პასუხობს: „ჩემი აზრით, საქმე გვაქვს იმასთან, რომ თუ იყო ეს ამერიკული ინტერესი, ალბათ ამის გამოხატვა მოხდა მოგვიანებით. თავიდან, სანამ იყო ამ პროექტის განხილვა, მანამდე, რატომ უნდა ჰქონოდა ვინმეს წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, სისულელე იქნება, ეს პროექტი, რომ არ განახორციელო“.

როგორც კაკულია ამბობს, „თუ საქმე ეხება საგარეო პოლიტიკაში არათანხვედრას, გასაღები სწორედ ამაშია“. რაც შეეხება ინსტრუმენტებს, რომლითაც დეპუტატის თქმით, მთავრობა მასზე რეაგირებს, ამაზე შეკითხვები თავად რომან კაკულიასაც აქვს: „არც მე მომწონს ის თემა, იყო თუ არა ფულის გათეთრება“.

რომან კაკულიას აზრით, ბიძინა ივანიშვილის ხედვა საგარეო პოლიტიკის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო.

„მე ვერ ვხედავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რადიკალურად რაიმე შეცვალა. ის, რაც არის თავიდან და როგორიც იყო 2012 წელს, იგივეა როგორიც იყო, ფრთხილი, რუსეთთან ურთიერთობაში და სხვათაშორის, ეს სიფრთხილე იყო მის მიმართ მოთხოვნა იმ ადამიანების, ვინც აირჩია. ეს ახლა არავის ახსოვს და ჰგონია, რომ მხოლოდ ძალადობაზე არის საუბარი წინა ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ცოდვაზე, რომლის გამოც არჩევა მოხდა. მეორე მთავარი თემა იყო 2008 წლის არგამეორება", - ამბობს რომან კაკულია.

16 ოქტომბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს გამართული შეხვედრა.

როგორც ხაზარაძე ჰყვება, ივანიშვილმა ურჩია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის თავი დაენებებინა.

„[ბიძინა ივანიშვილს], შევხვდი მის რეზიდენციაში, საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე, ვუთხარი, რომ ის კომპანია, SSA Marine ამ პროექტის მმართველი უნდა იყოს 25 წლის განმავლობაში. ვუთხარი, ყვითელ ზღვა იციან, წითელი ზღვა და შავი ზღვა რა პრობლემაა... და რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.