ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 8 იანვრის დილით, ირანმა 15 ბალისტიკური რაკეტა ესროლა ერაყში განლაგებულ იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებზეც აშშ-ის სარდლობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედროები იმყოფებიან.
სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC), რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აინ ალ-ასადის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა „ყველა მონაცემით სრული წარმატებით“ დასრულდა.
ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზია, ყოველგვარი საბუთის გარეშე, ამტკიცებს, რომ სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა „სულ მცირე 80 ტერორისტი ამერიკელი ჯარისკაცი“ და განადგურდა აინ ალ-ასადის ბაზაზე განთავსებული შვეულმფრენები, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.
ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" თანახმად, პენტაგონში აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან სარაკეტო იერიშის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სარაკეტო იერიშების შემდეგ ძალიან მალე ტვიტერის საშუალებით განაცხადა, რომ „ჯერჯერობით საქმე კარგად არის“.
ერაყის ხელისუფლების ცნობით, ირანმა 22 რაკეტა ესროლა ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო ობიექტებს. „ერაყელ სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის“, - იტყობინება ერაყის სამხედრო უწყება.
ირანის ოფიციოზმა სარაკეტო იერიშებს უწოდა ოპერაცია „წამებული სოლეიმანი“. ასე ირანის ხელისუფლება მოიხსენიებს 3 იანვარს ერაყში, ამერიკული საავიაციო იერიშის შედეგად მოკლულ გავლენიან ირანელ გენერალ ყასემ სოლეიმანის. იგი მშობლიურ ქალაქ ქერმანში 8 იანვარს დაკრძალეს.
ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ, თეთრ სახლში სასწრაფოდ მივიდნენ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი.
ერთი დღით ადრე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანისგან მოსალოდნელია „გარკვეული შურისგების აქტი“ გენერალ სოლეიმანის დაღუპვის პასუხად.
„ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებებისთვის. და შემდეგ შესაბამის პასუხს გავცემთ ყველა მათ ქმედებას“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.