სამგლოვიარო სოლიდარობის აქცია - თბილისში, საელჩოსთან ირანის მოქალაქეები შეიკრიბნენ

თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან ირანის მოქალაქეებმა გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით სამგლოვიარო სოლიდარობის აქცია გამართეს.

3 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ყასემ სოლეიმანი იმყოფებოდა. 62 წლის სოლეიმანი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. „ყუდსი“ უცხოეთის ქვეყნებში მოქმედებს.

საჰაერო ოპერაციის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.