თორნიკე მამალაძე: პატრიარქს შეეშინდა, რომ ჩემი ძმა მის ცოდვებს გაამხელდა

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის განცხადებით, 4 იანვარს საპატრიარქოში, საღამოს საათებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია იმ ადამიანებმა მიაწოდეს, ვინც, მისი სიტყვებით, „ნამდვილად ემსახურებიან ღმერთს“. თორნიკე მამალაძის განცხადებით, ერთი და იგივე ინფორმაცია მიიღო ორი ადამიანისაგან, რომლებიც პრეზიდენტისა და პატრიარქის საუბარს სამი მეტრის მანძილიდან ისმენდნენ.

„სალომე ზურაბიშვილმა ჰკითხა პატრიარქს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაზეც პატრიარქმა სიტყვასიტყვით განუცხადა, რომ თუ სურდა პატრიარქს, ამას აქამდე ეტყოდა სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და აქამდე მოხდებოდა პატრიარქის მხრიდან მისი თანხმობა შეწყალებასთან დაკავშირებით. პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩემი ძმა უნდა იჯდეს ციხეში რადგანაც თავად პატრიარქს არ სურს ჩემი ძმის გათავისუფლება“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისი სიტყვებით, სალომე ზურაბიშვილი დაინტერესდა, როგორ გაექარწყლებინა წმინდა სინოდის შუამდგომლობა შეწყალებასთან დაკავშირებით. რაზეც პატრიარქმა უპასუხა, რომ „გადაწყვეტილებას ეკლესიაში იღებს ის და არა სინოდის სხდომა“ და აქედან გამომდინარე, მისი სურვილი იყო, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპყრობილეში დარჩენილიყო.

„ეს იმას მიანიშნებს, რომ პატრიარქი არის შეშინებული, ის დარწმუნებულია, დარწმუნებული იყო, ყოველ შემთხვევაში, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში მოხდებოდა საუბარი ჩემი ძმის მხრიდან პატრიარქის ცოდვებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სოდომურ ცოდვებს, რომელიც უკავშირდება არაერთ ფინანსურ მაქინაციებს, გამომდინარე აქედან, პატრიარქმა გადაწყვიტა და ჩემი ძმა საპყრობილეში დატოვა“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

მისი სიტყვებით, დეტალებზე მას შემდეგ ილაპარაკებს, რაც ამ უახლოეს დღეებში თავის ძმას შეხვდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.