საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უარყოფენ, რომ წყლით მომარაგების სისტემაში შექმნილი პრობლემის გამო ბაკურიანს დამსვენებლები მასობრივად ტოვებენ.
„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, თითქოს, წყალი არავის მიეწოდება და ბაკურიანიდან დამსვენებლები გარბიან, არის სიცრუე და აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, - განაცხადა დღეს, 6 იანვარს, მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რომელიც ბაკურიანში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მუშაობას გაეცნო. ბეგიაშვილის ინფორმაციით, აბონენტების 90% სრულად მარაგდება წყლით 24 საათის განმავლობაში, დანარჩენი აბონენტები კი წყალს გრაფიკით იღებენ, ან წყალმზიდებით მარაგდებიან.
„ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების მოძიება და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ღამით უკვე დამთავრდება სამუშაოები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შევავსოთ ის რეზერვუარები, საიდანაც მარაგდება მთლიანად ბაკურიანი. შედეგად, არსებული გათვლებით, კიდევ 60%-ით გაიზრდება წყალმომარაგება. მინდა კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, როგორც ჩვენი მოსახლეობა, ისე სტუმრები, რომ ყველა სამსახური მობილიზებულია და ვცდილობთ პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრას, სასტუმროების მენეჯერებს და მედიასაშუალებებს კი მინდა ვთხოვო, რომ იყვნენ მაქსიმალურად ადეკვატურები, როდესაც ამბობენ, რომ თითქოს კურორტი საერთოდ პარალიზებულია“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ დისკომფორტისთვის ყველას ბოდიში მოუხადა და ვითარების ოპერატიულად გამოსწორებას დაჰპირდა.