საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სასურველი იქნებოდა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უარს, შეეწყალებინა მკვლელობის მომზადებისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება სინოდმა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით მიიღო და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი უმაღლესი ლეგიტიმაციის წერილი ეკლესიის ნებას გამოხატავდა.

„პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი გულმოწყალებას გულისხმობს, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მისაღები, სასურველი იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა, ამით ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენა: „და ჩვენი ხედვით, გარკვეულ მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო, შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ ამით დასრულდებოდა ეს სპეკულაციები და სპექტაკლი“.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ უარყო დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადება, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პირად საუბარში თავად კათოლიკოს-პატრიარქმა უთხრა, რომ გიორგი მამალაძე არ უნდა შეეწყალებინა. „ეს არის ტყუილი მორიგი იმ სერიიდან, რაც ხშირად გაგვიგონია დეკანოზის გარემოცვიდან“, - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით. დღეს, 6 იანვარს პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა.

გიორგი მამალაძე არც საქართველოს წინა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.