სალომე ზურაბიშვილი: რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის არგუმენტები დაასახელა. მისი განმარტებით, მთავარი არგუმენტი სამართლიანობის პრინციპის დაცვა და საზოგადოებაში დაპირისპირების თავიდან არიდება იყო.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, საქმის პოლიტიზირებამ, მით უმეტეს მაშინ, როცა დანაშაულის მახასიათებლები თავისთავად იწყვევს მძაფრ რეაქციებს, პოლიტიკოსებისა თუ სასულიერო პირების მიერ გაკეთებულმა მკვეთრმა განცხადებებმა, არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ისეთ პროცესს, რომელიც სიმშვიდესა და ყოველგვარი ემოციისგან დაცლას მოითხოვს. თუმცა, მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა საქართველო პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ვერ მოძებნა არგუმენტები გიორგი მამალაძის შეწყალებისათვის.

„ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება, ვერ მოვნახე არგუმენტი, მით უმეტეს, შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმეა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ასევე საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფას, „რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს“.

„შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება. ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიიდან, ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას, ამდენად მასზე ნებისმიერი სახის შეტევა დაუშვებელია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება განაპირობა მისმა პიროვნულმა და, ასევე, როგორც პრეზიდენტის დამოკიდებულებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „პატრიარქის ავტორიტეტის და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას“

„ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა. სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა, ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა - ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ დისკრეციულ უფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე.

2017 წლის თებერვალში დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 9-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით.

2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.