საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არ არის დეკანოზი გიორგი მამალაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმის არგუმენტები დაასახელა. მისი განმარტებით, მთავარი არგუმენტი სამართლიანობის პრინციპის დაცვა და საზოგადოებაში დაპირისპირების თავიდან არიდება იყო.
2017 წლის თებერვალში დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 9-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით.
2019 წლის 31 ოქტომბერს, სინოდმა გადაწყვიტა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მიემართა გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით.
დღემდე პრეზიდენტს პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული. სალომე ზურაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება 18 სექტემბერს მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორის იყვნენ 18 წლის დავით ოთხმეზურის და ბათუმელი პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ამ ფაქტმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია.
18 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, გადაიხედოს შეწყალების წესი და ის პარლამენტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშაოს: „აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით შეწყალების ახალ წესებს, რომელიც გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა პარტიის წარმომადგენელი შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ შეწყალების იდეალურ წესებს, რათა აღარ მოხდეს საზოგადოების ასეთი შეშფოთება“.
19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“, ირმა ნადირაშვილმა, გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.
პროკურატურამ 20 სექტემბერს დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
26 ნოემბერს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრძანებულება „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“.
დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე სრულად იღებს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად. ეგრეთ წოდებულ ციანიდის საქმეში, მკვლელობის მომზადების მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთი წლის წინ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშია გაგზავნილი.