ტრამპი: წუხანდელი აქტი ჩავატარეთ, რათა შეგვეჩერებინა ომი და არა - მის დასაწყებად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 3 იანვარს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის არმიამ მისი მითითებით ჩაატარა წარმატებული საჰაერო ოპერაცია და მოკლა მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“ ყასემ სოლეიმანი.

ტრამპის თქმით, სოლეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე და სამხედრო პერსონალზე. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის „ყუდსის ძალების“ სარდალი, ყასემ სოლეიმანი 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს. აშშ-ის პრეზიდენტი თვლის, რომ მის ქვეყანას, რაც ახლა გააკეთა, დიდი ხნით ადრე უნდა გაკეთებინა, რადგან ბევრი სიცოცხლე გადარჩებოდა.

სულ ახლახან თქვა ტრამპმა, სოლეიმანი განაგებდა სასტიკ რეპრესიებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ირანში, სადაც, ტრამპის სიტყვებით „ათასზე მეტი სამოქალაქო პირი აწამეს და მოკლეს“.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „წუხანდელი აქტის ჩავატარეთ, რათა შეგვეჩერებინა ომი, ჩვენ ეს აქტი არ ჩაგვიტარებია ომის დასაწყებად“.

ტრამპმა ირანელი ხალხის მიმართ ღრმა პატივისცემა გამოთქვა და განაცხადა ამასთან, რომ აშშ არ ესწრაფვის რეჟიმის შეცვლას, მაგრამ რეჟიმის აგრესია რეგიონში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ახლა.

„მომავალი, ტრამპის თქმით, ეკუთვნით იმ ირანელებს, რომლებიც მშვიდობიანი თანაარსებობის და თანამშრომლობისთვის არინ მზად და არა ტერორისტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სისხლისღვრას გეგმავდნენ“.

აშშ-მა 3 იანვარს ერაყში საჰაერო თავდასხმისას მოკლა ირანის გავლენიანი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდალი ყასემ სოლეიმანი, მძაფრი დაძაბულობის ფონზე. ამას მოჰყვა თეირანის მუქარა, რომ ის „სასტიკ შურისძიებას“ მიმართავს და ერაყის პრემიერ-მინისტრის ბრალდება, რომ ეს არის „ერაყში აშშ-ის ჯარის ყოფნის პირობების აღმაშფოთებელი დარღვევა“.

სოლეიმანი იყო ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო ირანში. თავდასხმა ორ ავტომანქანაზე მოხდა 3 იანვრის დილით, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში. მოკლულია ათამდე პირი, მათ შორის, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფების წევრები.