საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის გაზსადენის, EastMed-ის მშენებლობის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონია 2 იანვარს გაიმართა ათენში.
გაზსადენის სიგრძე თითქმის ორი ათას კილომეტრს მიაღწევს. ის მსოფლიოში ყველაზე გრძელი გაზსადენი იქნება. EastMed-ის მიზანია ისრაელიდან და კვიპროსიდან საბერძნეთში გაზის ტრასპორტირება კუნძულ კრეტის გავლით. როგორც ვარაუდობენ, პროექტი ევროპას ენერგორესურსების დივერსიფიკაციაში დაეხმარება.
პროექტის ღირებულება შვიდ მილიარდამდე დოლარია. მშენებლობის დასრულება 2025-2026 წლებისთვისაა დაგეგმილი.
EastMed-ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა თურქეთი, ვინაიდან რეგიონში არსებობს ტრანსანატოლიური მილსადენი, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი ჩადის საბერძნეთში. საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი პროექტი პრობლემებს არ შეუქმნის ანკარას.