იაკობისთვის მოპარული შეშის ნაჭრები

იაკობი, რა თქმა უნდა, გოგებაშვილია, ამბავი კი იმ დროინდელია, მტკვარში მოპოვებულ ყინულის ლოდებს ტფილისის ღრმა სარდაფეში რომ ინახავდნენ ცხელი ზაფხულისთვის...

არ გაგიკვირდეთ, ახლა რომ არის, მთელი ზამთარი ფიფქი რომ არ ჩამოვარდება თბილისში, ასე კი არ იყო ყოველთვის. ასი და მეტი წლის წინ დეკემბერ-იანვარში მტკვარი იფარებოდა სქელი ყინულით და მასზე თავისუფლად მოძრაობდნენ ოთხთვალა საზიდრები. 1894 წელს, გაზეთი „ივერია“ გულისტკივილით იუწყებოდა, მტკვრის გაყინვის გამო წისქვილების მუშაობა შეწყდაო. წისქვილები რაა, მოყინული გზების გამო ქუჩაში სიარულიც კი ჭირდა. ცხადია, სხვებზე მეტად უჭირდათ მთაწმინდის ციცაბო კალთებზე მცხოვრებ მოქალაქეებს. მაშინ არც ყველა ქუჩა იყო მოკირწყლული და არც ყველა ქუჩაზე იყრებოდა ქვიშა, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სამოცს მიტანებული იაკობი, რომელსაც მთაწმინდაზე, მამადავითის ბაღის მახლობლად ყარაევის სახლში „ეჭირა ბინა“, ასეთ დღეებში შინ რჩებოდა ხოლმე, თუმცა მოლიპული გზების გარდა, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც ჰქონდა: სუსტი ჯანმრთელობა!

ერთხელ მწერალ ნინო ნაკაშიძისათვის უთქვამს, მეშინია, არ გავცივდე, თქვენ არ იცით, დიდი სიფრთხილით გადავირჩინე თავი სიკვდილისაგანო. და მერე მოუყვა:

„ძალიან ავადმყოფი კაცი ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, ტუბერკულოზი ისეთი ავადმყოფობაა, კვება, ჰაერი და სითბოა საჭირო, რომ გაუმკლავდე. დიდხანს ავადმყოფი ვიყავი და იძულებული გახლდით დღეში ოთხი ბოთლი რძე დამელია და თექვსმეტი კვერცხი გადამეყლაპა. ვუფრთხილდები თავს, რადგანაც ჯერ ყველა ჩემი საქმე, რაც უნდა გავაკეთო, არ დამისრულებია“.

ნინო ნაკაშიძე

ზამთარში კი არა, ზაფხულშიც კი, უამინდობაში, გარეთ არ გავიდოდა, ერიდებოდა ქარიან ქუჩებს, პირზე შალახვეული სწრაფად გაივლიდა ხოლმე. თურმე, დასაძინებლად რომ წვებოდა, წინდებს არასოდეს იხდიდა... ჰოდა, ერთხელაც, „ყინვით სავსე“ ზამთრის ერთ სუსხიან დღეში აღმოაჩინა, რომ შეშას ჰპარავდნენ. ამ ამბავსაც ნინო ნაკაშიძე იხსენებს 1946 წელს გამოცემულ მოგონებებში. აი, როგორ ყოფილა ყველაფერი:

„იაკობი თავის თბილ ხალათში გამოწყობილი ბოლთას სცემდა დიდ ოთახში. როგორც კი შევედი, სალამის შემდეგ მითხრა:

„თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს ძალიან გაჯავრებული ვარ: შეშა მქონდა და, თურმე, ჩვენი სახლის სარდაფის სართულში რომ მეწაღე ცხოვრობს, ის მპარავს და ცეცხლს ანთებს“.

„ღარიბია?“ - ვეკითხები.

„ღარიბი და მერე როგორი, ექვსი პატარა შვილი ჰყავს ერთი მეორეზე უმცროსი“.

„მერე როგორ იპარავს, დაკეტილი არ გაქვთ?“

„როგორ არა, ჩაკეტილი მაქვს სარაიაში, მაგრამ კარის ქვეშ მიწაა ამოღრუტნული, ისე რომ ბავშვი ეტევა შიგ და ყოველ დღე აგზავნის, თურმე, ბავშვს შიგნით და თითო ღერი გამოაქვს. მეტი არც სჭირდება. რკინის ფეჩი უდგია, მაგრამ ახლა ზომები მივიღე, კარზე ფიცარი ავაჭედინე, რომ ვეღარავინ შეძვრეს“.

„მერე რომ დაიხოცებიან სიცივით ამ ზამთარში?“ - ვუთხარი.

„მაშ, ქურდობას შევაჩვიოთ ბავშვები?“

„მიეცით, ბატონო იაკობ, თითო ღერი შეშა დღეში“.

„თითო რომ მივცე, მაშინ, იქნებ, მეორეც მოიპაროს, ახლა ფიქრობს, ვერ შეიტყობსო და ერთის მეტი არ მიაქვს... თქვენ რას იზამდით ჩემ ადგილას?“

„არ ვიცი. მე ცუდი მეოჯახე ვარ და მე რომ დავკეტო, სულერთია, ილიკო [ილია ნაკაშიძე] გააღებს და მისცემს“.

მან ჩაიდვა ორივე ხელი ჟილეტის ჯიბეებში, ხალათის ქვეშ და გაიღიმა.

შემდეგ ჩვენ ვილაპარაკეთ საქმეზე, რისთვისაც ვიყავი მისული, და წამოსასვლელად რომ ვემზადებოდი, დაუძახა მოსამსახურეს და ჰკითხა:

„მეწაღის ბავშვმა დღესაც გაიტანა შეშა?“

„გაიტანა“.

„ფიცარი არ აგიჭედია კარზე?“

„არა ჯერ.“

„მაშ, ნურაფერს ეუბნები, ფიცარსაც ნუ ააჭედებ კარზე, ვითომ არაფერი გაგიგია. წაიღოს თითო ღერი შეშა, არა უშავს“.

მსახური გაღიმებული გავიდა. ეტყობა ესიამოვნა იაკობის განკარგულება.

რომ მივდიოდი, მადლობა გადავუხადე გულკეთილობისათვის.

„არა, ქურდობა არაა კარგი“, - მითხრა მან, - „მაგრამ ის საწყალი მეწაღე, კაცმა რომ თქვას, ძალიან მშრომელი კაცია და, არა მგონია, ქურდი შვილები გამოზარდოს“.

აი, ასე დამთავრდა ეს ამბავი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო ეს მეწაღე და როგორი შვილები დაზარდა მან; ჩვენ არც ის ვიცით, მხოლოდ ამ ერთი ღერის გაცემას დასჯერდა თუ არა იაკობი. ვინ იცის, იქნებ მოიფიქრა ისეთი რამ, რამაც შემოსავალი გაუჩინა მშრომელ მეწაღეს და სითბოს დანატრებულ მის შვილებს? ვინ იცის, იქნებ იაკობის წიგნებსაც ეზიარნენ და თავი დააღწიეს ბნელსა და გაყინულ სარდაფს? ვინ იცის... მოვეჭიდოთ ხავსს? რისი იმედი გვქონდეს? განა, დღესაც იგივე არ ხდება?

სიცივე და სიღარიბე?

ყოველ ნაბიჯზე! საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს: ბავშვების 6,8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, 27,6% კი ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

გზას აცდენილი ბავშვები?

ყოველ ნაბიჯზე! 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.

ასი და მეტი წლის განმავლობაში მხოლოდ კლიმატი შეიცვალა თბილისში: ზამთარი ისე გადავა, ერთხელ არ მოთოვს, არც მტკვარი მოიდებს ყინულის ფენას... სხვა მხრივ, არსებითად, არაფერი შეცვლილა, წინ არ წავსულვართ, უფრო პირიქით: არავინ დარჩა, შეშის ნაჭრებზე თვალს რომ დახუჭავს...