თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა თავად ბრალდებული, ბრალდების მხარე გიორგი რურუას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა.
პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის განმარტებით, გიორგი რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. ამასთან, როგორც ბრალმდებელმა თქვა, არსებობს რისკი იმისა, რომ მან გავლენა მოახდინოს მოწმეებზე ან გამოძიებას ხელი შეუშალოს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ ადვოკატები. მათ თქვეს, რომ გიორგი რურუას დაკავებისას მიმალვა არ უცდია, არც მოწმეებზე ზემოქმედება მოუხდენია, ამიტომ, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, დაცვის მხარე მოითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ ბრალდებული.
გიორგი რურუა 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
გიორგი რურუამ 24 სექტემბერს „მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილი შეიძინა.
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გიორგი რურუა ფინანსურად ეხმარებოდა საპროტესტო აქციებს „სირცხვილია“.