ჩვენი ცხოვრება სავსეა ყოველდღიური უძალო, უშედეგო მღელვარებით, რომელსაც წლებია კვებავს უსამართლობა, გაუტანლობა, ძალადობა, სიღარიბე და ბევრი სხვა უბედურება, რომლებსაც ჩვენ, როგორც ცალკეული ადამიანები, ასევე ჩვენი ერთობა - სახელმწიფოს სახით, ვერ ვუმკლავდებით. ამას ემატება ბოლო წლებში გადატანილი ომებით გამოწვეული სირთულეები: უსაშველოდ დიდი მსხვერპლი, მარცხისა და უიმედობის მუდმივი განცდა, ორჭოფობა: ჩვენი საზოგადოების ნაწილი არა თუ სამართლიანობაში, ამ ომების საჭიროებაშიც კი არ არის დარწმუნებული, ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ომების თავიდან აცილება შეიძლებოდა და ა.შ.
ამას ემატება აუნაზღაურებელი დანაკარგი ლამის ყველა მიმართულებით, რადგანაც ტერიტორიებთან ერთად, ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა; დავკარგეთ საერთო აწმყო და, მაშასადამე, მომავალიც; დავკარგეთ ყველაფერი, რის დაკარგვაც შეიძლებოდა, დავკარგეთ იმედი, რომ როდესმე მაინც შეიცვლება რამე, თუნდაც გმირების თავგანწირვით... ჩვენი გმირები ხომ გმირულად იხოცებოდნენ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში, თავიანთი სიცოცხლის ფასად ამტკიცებდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, მაგრამ იშვიათად გვყოფნიდა რაოდენობა, ძალა და ცოდნა მტრის დასამარცხებლად, გამარჯვების მოსაპოვებლად, სამართლიანობის აღსადგენად... საჭირო იყო არა უბრალოდ გმირი, არამედ გმირთა გმირი, რომელიც არა მხოლოდ თავგანწირვით იქნებოდა გამორჩეული, არამედ გამარჯვების უნარითაც!
ჩვენ გვქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა გმირი, რომელიც იქნებოდა დაუმარცხებელი, რომელიც გადალახავდა ყველა განსაცდელს, რომელიც შეებრძოლებოდა „ურჩხულს“, არაამქვეყნიური ძალისხმევის ფასად განგმირავდა მტერს და დაიბრუნებდა დაკარგულს...
გმირი მართლაც გამოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა სულ სხვანაირი გმირი; გმირი, რომელიც დაცლილია აგრესიისგან, შურისძიების ვნებისგან, რომელიც მტერსაც არ უსურვებს სიკვდილს და საერთოდაც, რომლის მთავარი იარაღი სიმშვიდე და სიმართლეა, რომელიც დარწმუნებულია თავის სიმართლეში და ეჭვი არ ეპარება თავისი ქვეყნის მთლიანობაში. გამოჩნდა გმირი, რომელიც „მტრის ტერიტორიაზე“ არა დივერსიული აქტების მოსაწყობად, არამედ ყველაზე ჰუმანური მიზნით - თავისი პაციენტის მოსანახულებლად შევიდა და, რომელმაც მხოლოდ გმირებისათვის დამახასიათებელი მოთმინებით, ღირსებითა და სიმშვიდით გადაიტანა ტყვეობის დღეები!
ვაჟა გაფრინდაშვილი არაჩვეულებრივი გმირია! ჩვეულებრივი, საოცნებო გმირისგან განსხვავებით, მას არ უბრძოლია იარაღით ხელში! არც მტრის სისხლი დაუღვრია და არც - თავისი! თვითონ საერთოდ არანაირ გმირად არ მიიჩნევს თავს. ამბობს, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარო და მადლობას უხდის ყველას, ვინც გვერდში დაუდგა პატიმრობის თუ ტყვეობის დროს, გვერდში კი თითქმის ყველა დაუდგა, იმ ავადსახსენებელი პირობითი საზღვრის ორივე მხრიდან!
შემთხვევით არ იჩემებდა ყველა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. ყოფილ ტყვესაც ეჭვი არ ეპარება, რომ ბევრმა ადამიანმა, ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებამ და საერთაშორისო პარტნიორმა გასწია ძალისხმევა. ერთ-ორ გამონაკლისს თუ არ მივიღებთ, ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორიაში ლამის ყველა დადებითი პერსონაჟია, მათ შორის, საოკუპაციო ზოლს იქით მყოფებიც: ოსი ქალი, ვინც ხაბიძგინებით გაუმასპინძლდა; ადგილობრივი მოსახლეობა, ვისი ამანათებითაც გაჰქონდა თავი; ოსი მოჭიდავეები, რომლებიც ქართველი მოჭიდავეების თხოვნით აქტიურობდნენ; ოსი ექიმები, რომლებმაც საგამოძიებო იზოლატორში მოიკითხეს პატიმარი კოლეგა ცნობილი ქართველი უროლოგის თხოვნის პასუხად; ოსი სამართალდამცავები, რომლებიც ადამიანურად ეპყრობოდნენ პატიმარს და თვით სეპარატისტების ლიდერიც კი, რომელმაც „ჯეროვანი პრინციპულობა არ გამოავლინა“ და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გადაწვეტილებას მოაწერა ხელი!
ჩვენ სხვანაირ გმირებს ვართ მიჩვეული, გმირებს, რომლებმაც ფიზიკურად სძლიეს მტერს ან თავი შეაკლეს მას. ცხადია, არაფერი გაახუნებს სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანების გმირობას, მაგრამ ასევე დასაფასებელია ვაჟა გაფრინდაშვილის პრინციპულობა, სამაგალითო პატიმრობა, რომელმაც პრობლემა შეუქმნა მანკიერ სინამდვილეს - თბილისსა და ცხინვალს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას, რომელიც იჭერს და იზოლატორში ამწყვდევს წესიერ, კანონმორჩილ და თანამოქალაქეებზე ზრუნვით სავსე ადამიანებს!
ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა იყო ყველასათვის შემაწუხებელი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, ქართველი და ოსი პოლიტიკოსებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის... ეს იყო პატიმრობა, რომელსაც ვერანაირად ვერ გაამართლებდა რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული ხაზების გადაკვეთა! ამის ჩვენებაც გმირობაა, არაჩვეულებრივი გმირობა! გასაგებია, რომ ბევრს სხვაგვარი წარმოდგენა აქვს გმირობაზე, გასაგებია, რომ გმირობაზე მეტად, რთულია საზოგადოების მოლოდინის გამართლება, რომ გვიჭირს ცოცხალი ადამიანის გმირად მიღება, მაგრამ ვაჟა გაფრინდაშვილის არაჩვეულებრივობის ნაწილია ისიც, რომ ის არ ცდილობს თავისი საქციელის კაპიტალიზებას, ის არ იჩემებს არც გმირობას და არც განსაკუთრებულობას. ის რჩება ექიმად, რომელიც მზად არის ისევ დაბრუნდეს ცხინვალში, რადგან, როგორც რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, ვერ მოასწრო ყველასთან - პატიმრობაში შეძენილ მეგობრებთან - დამშვიდობება.
მეგობრებში, ცხადია, ოსი მეგობრები იგულისხმა, არა მტრები, არამედ მეგობრები!
განა გმირობა არაა, რომ ბევრი, ძალიან ბევრი წლის შემდეგ, ჩვენს - ქართველებისა და ოსების - ურთიერთობაში ისევ გაჩნდა დადებითი იმპულსი, ისევ შესაძლებელი გახდა მეგობრობაზე ლაპარაკი?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.