რა არის ინკასო და რისთვის იყენებს მას ხელისუფლება - მთავარი ტელევიზიების პრეტენზიებზე 

ნაციონალურ მაუწყებლების - "რუსთავი 2"-ის, "ტვ პირველისა" და "კავკასიის", ასევე, რამდენიმე რეგიონული მაუწყებლის ანგარიშებს ინკასო დაედო, დაგროვებული გადასახადების გადაუხდელობის გამო.

რა არის ინკასო?

ინკასო საბანკო ოპერაცია, რომლის დახმარებითაც კლიენტი - ამ შემთხვევაში სახელმწიფო - ბანკის მეშვეობით იბრუნებს ფულს მევალეებისგან - ამ შემთხვევაში ტელევიზიებისგან.

მცირე ზომის მაუწყებლები წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად იხდიდნენ გადასახადს, ნაციონალური მაუწყებლების მილიონობით დავალიანებაზე კი სახელმწიფო თვალს ხუჭავდა.

დღეს პატარა კომპანიები ხელისუფლებასთან აფილირებული ტელევიზიების მრავალმილიონიან ვალებზე მიუთითებენ და შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ.

რა გადასახადებზეა საუბარი?

ტელემედიაორგანიზაციები, ისევე, როგორც ყველა კერძო/კომერციული კომპანია, სახელმწიფოს უხდის გადასახადებს - დამატებითი ღირებულების გადასახადის, საშემოსავლოს, ქონებისა თუ სხვა სახით.

უმსხვილესი კომპანიები, წლებია, ვალდებულებას არ ასრულებენ და მათი დავალიანება ჯამში 55 მილიონამდე აღწევს.

  • სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" - რომელშიც ერთიანდებიან "რუსთავი 2", მარაო, მესამე და კომედი არხი - 28 მილიონი ლარი;
  • მედიაჰოლდინგი "იმედი" - რომელშიც ერთიანდებიან "იმედი", "მაესტრო" და "GDS" - 27 მილიონი ლარი.

ტელეკომპანია "კავკასიასა" და "ტვ პირველს" ბიუჯეტის მართებთ, შესაბამისად, 24 000 და 100 000 ლარი.

რატომ გამოიყენა სახელმწიფომ ინკასო ახლა?

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ - რომელიც გადასახადების ამკრეფი უწყებაა - ტელემაუწყებლების დავალიანებაზე საუბარი მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. 14 აგვისტოს, მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მაუწყებლებს მიმართა, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანების გადახდა, ხოლო ძველ ვალს სახელმწიფო სხვა ფორმით, მედიებთან შეთანხმებით ამოიღებდა.

ტელეკომპანიების ვალდებულებები ორ ნაწილად გაიყო: 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე არსებული დავალიანება - ანუ ძველი ვალი - და პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული დავალიანება - ანუ მიმდინარე გადასახადი.

სამინისტრო აცხადებს, რომ "კავკასიამ", "ტვ პირველმა" და "რუსთავი 2"-მა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 25 დეკემბრამდე დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა, გაფრთხილების მიუხედავად, არ დაფარეს. ასევე, ძველი ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებები მაუწყებლებსა და სახელმწიფოს შორის ამ დრომდე გრძელდება.

ვინ და რატომ ლაპარაკობს უთანასწორო გარემოზე?

"კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გადასახადები უნდა გადაიხადოს ყველამ და "კავკასია" ასეც იქცეოდა. მისივე თქმით, მცირე დაგვიანებაზეც კი მის კომპანიას ინკასო ედება, მაშინ როცა უცნობია, როდის და რა ფორმით გადაიხდიან უმსხვილესი მაუწყებლები 55-მილიონიან დავალიანებას.

"მე ვითხოვ სამართლიან მიდგომას. ასე არ გამოვა - იმათ გადაუნაწილონ 10 წელზე და მე რომ ვიხდიდი ის რამდენიმე წელი, როცა ისინი არ იხდიდნენ, მე რა ვქნა?! როდემდე შეიძლება ასე?! ჩემთვის ეს ძალიან პრინციპული საკითხია. "რუსთავი 2"-ს ადევს იმიტომ, რომ მიმდინარეც კი არ გადაიხადა, 28 მილიონზე რომ არაფერი ვთქვათ და თან ერთგვარი ალიბი გაიკეთეს [ხელისუფლებამ] - მარტო დამოუკიდებელ არხებს არ ვერჩით, ჩვენებსაც ვერჩითო".

Your browser doesn’t support HTML5

ფინანსთა სამინისტროს ინკასო ტელეკომპანია "კავკასიასთან" გააპროტესტეს

რას ამბობენ "იმედი" ჰოლდინგში?

"იმედი" ჰოლდინგის იურისტი ანდრო ლაშხი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანიას მიმდინარე დავალიანება არ აქვს და არ თვლის, რომ ჰოლდინგი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.

ლაშხი მიუთითებს 2016 წელს "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის მიერ, კომპანიის ანგარიშებზე ყადაღის მიზეზით, გადასახადების გადახდის შეწყვეტაზე და ამბობს, "ჩვენმა კონკურენტმა ["რუსთავი 2"-მა] რომ შეწყვიტა გადახდა, ძალიან დიდი ხანი ვიხდიდით ჩვენ, სანამ არ მივედით იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომ ფიზიკურად აღარ შეგვეძლო კონკურენციის გაწევა. ამის გამო შევწყვიტეთ".

ლაშხი მიიჩნევს, რომ ახლა ხელისუფლება ტელეკომპანიებს თანასწორ პირობებს სთავაზობს, თუმცა რადიო თავისუფლებას არ ეუბნება, უკვე დაიწყო თუ არა ჰოლდინგმა ძველი დავალიანების გადახდა:

"ჩათვალეთ, რომ უკვე ვიხდით. ეს კომერციული საიდუმლოა და დეტალებს ნამდვილად ვერ მოგაწვდით, მაგრამ დავალიანებას ბოლო თეთრამდე აუცილებლად გადავიხდით. ფიზიკურად გადახდა მოხდა თუ არა, ამას ვერ გეტყვით".

რას ამბობს "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორი?

ნიკა გვარამია, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ამბობს, რომ ინკასოს დადება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმართული აქციაა. მისი აზრით, მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, "რუსთავი 2"-ის დახურვა გადაწყვიტა და ახლა წინაპირობებს ამზადებს კომპანიის გაკოტრებისთვის:

"პირველი, "ტვ პირველის" და "კავკასიის" ვალები არ არის იმხელა, რომ ამის გადახდა მათ ვერ შეძლონ. მეორე, გაურკვეველია, თვითონ რატომ თვლიან მიმდინარე დავალიანებად ბოლო სამი, ოთხი თუ ხუთი თვის დავალიანებას და რატომ არ ითვლიან ბოლო 2 წლის დავალიანებას. მაგალითად, "იმედის" ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიების დავალიანებას".

გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაუნულოს ტელეკომპანიებს დავალიანებები და გამოაცხადოს რამდენიმეწლიანი მორატორიუმი გადასახადებზე, რათა მედიამ "ამოისუნთქოს":

"ტელევიზიები ამ დღეში ჩავარდნენ, პირველი, იმის გამო, რომ ქვეყანამ თავისი რეგულაციებით შეგნებულად "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. მეორე, ქვეყანა გახდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი. და მარეგულირებელმა კომისიამ ახალი და ნაჩქარევი რეგულაციებით, ვითომ ევროკავშირის სახელით გაკეთებული რეგულაციებით, საერთოდ ბოლო მოუღო ამას ყველაფერს - ბაზარი დანგრეულია. ეს ტელევიზიების ბრალი არ არის. ეს არის ცუდი და ანტიმედია ხელისუფლების ბრალი".

შესაძლოა თუ არა, ტელეკომპანიებს ჩამოეწეროთ დავალიანებები?

ტელევიზიებს საგადასახადო ამნისტია სამჯერ შეეხოთ:

  • 2010 წელს ქართულ ტელევიზიებს 36 მილიონი ლარი ჩამოეწერათ, საიდანაც 25 მილიონი "რუსთავი 2"-სა და "იმედზე" მოდიოდა, 9 მილიონი კი - საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
  • 2012 წელს "იმედს" 13 მლნ ლარი ჩამოეწერა, "რუსთავი 2"-ს - 5 მილიონი.
  • 2015 წელს 16-მილიონიანი ვალი ჩამოეწერა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ამჯერად, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მედიასაშუალებების მიმართ გაწეული შეღავათები ქმნის არაკონკურენტულ გარემოს და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს.