რა დაიწუნა კალაძემ - ფოტოები ზაარბრიუკენის ხიდიდან
მშრალი ხიდისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
პროექტი ძირითადად ითვალისწინებდა ხიდების რეაბილიტაციას, ასფალტის საფარისა და ფილების მოწყობას.
უნდა შეცვლილიყო ხიდის მოაჯირი და ფილები საფეხმავლო ნაწილზე.
ქალაქის ისტორიულ ნაწილში შეიცვალა 9 მარტისა და დედაენის ბაღების სარწყავი სისტემები.
ბაღებს შორის აშენდა საფეხმავლო გვირაბი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ ხელმძღვანელობს. პროექტზე საერთო ჯამში დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ზუსტად ვერავინ ხსნის, რატომ დაიწუნა მერმა მშრალი ხიდის განახლებული ტერიტორია, თუმცა მუშებმა ადგილზე რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი ვარაუდით თბილისის მერს ძველი და ახალი გზის საფარს შორის ვიზუალური განსხვავება არ მოეწონა.
" ძალიან გამიკვირდა ასეთი ტიპის განცხადება", - განაცხადა კომპანია „დაგის“ ხელმძღვანელმა ოთარ ჩიკვაიძემ თბილისის მერის კრიტიკაზე- „ უნდა დადგინდეს ნამდვილად გამოსაცვლელია გზის საფარი თუ არა...ჩვენი მოსაზრებაა, რომ ძალიან კარგადაა გაკეთებული“ - თქვა მან.
პროექტის მიზანი ქალაქის ისტორიულ ნაწილში ახალი, ტურისტებისთვის მოსახერხებელი მარშრუტის შექმნა იყო. მერიის წამოწყებას თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.
კომპანია „დაგი“ პროექტის დასრულებას რამდენიმე დღეში, ახალი წლის დადგომამდე აპირებდა.