ზურაბიშვილი: საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური, ასევე - აზერბაიჯანთან და სომხეთთან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველ არხთან“ ინტერვიუში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემური მონაკვეთის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

პრეზიდენტმა ილაპარაკა, მის მიერ წამოჭრილი თემა რამდენად კოორდინირებული იყო საქართველოს მთავრობასთან.

„ჯერ ერთი ყველა მოქმედება საგარეო კუთხით არის შეთანხმებული, კონსტიტუცია ამას მოითხოვს. მეორე, პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი უშუალოდ ტერიტორიის მთლიანობაზე და მათ შორის საზღვრებზე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვინდა - ხან NATO-ში შესვლა, ხან - ევროკავშირში. ყველა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც გვიწერია კონსტიტუციაში, დამოკიდებული არის იმაზე, ჩვენ, სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი აღიარებული საზღვრები. ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და მის წინადადებაზე მეზობელი ქვეყნების ლიდერების რეაქციის შესახებ ისაუბრა, - „ძალიან ბუნებრივი არის და ეს ძალიან კარგად იყო მიღებული აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან, როგორც სომხეთის პრეზიდენტისგან. ზუსტად იგივე თემა იყო ორივე შემთხვევაში, რომ ჩვენი კომისიები მუშაობდნენ ამ მიმართულებით. მივიდნენ რაღაც ეტაპამდე და მერე შეჩერდა ეს პროცესი. მეგობარ ქვეყნებს შორის გაუგებარია. რატომ არ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. ზუსტად ასე იყო მიღებული ორივე პრეზიდენტის მიერ. თანხმობა იყო ოფიციალურად გაცემული. კიბატონო, საჭირო არის და ჩვენმა კომისიებმა დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა, რაც, ფაქტობრივად, ახლა ხდება და რაც აუცილებელია“.

რაც შეეხება კომისიის საქმიანობის შედეგებს, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის ყველა ეტაპის შესახებ სრულად არის ინფორმირებული.

„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ არის საჭირო, რომ ეს საჯარო სივრცეში იყოს გამოტანილი, იმიტომ, რომ საკითხი არის აუცილებელი, მოლაპარაკებები არის სენსიტიური. ყველას აქვს თავისი არგუმენტები. სანამ არ არის მიღწეული შედეგი ამ მოლაპარაკებები, აუცილებელია, რომ ეს იყოს დაცული და გარედან არ იყოს ზეწოლა და ჩარევა, რომელიც ამას კიდევ უფრო გაართულებს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

შეკითხვაზე, რას მოელით ამ პროცესის შედეგად? სალომე ზურაბიშვილი ასე პასუხობს: „საზღვარს“.

პრეზიდენტი, ასევე პასუხობს დამაზუსტებელ შეკითხვას, სად გავა ის საზღვარი? რამდენად იქნება საზოგადოების მოლოდინი გამართლებული?

„მოლაპარაკებების შედეგი, რაც იქნება, იქნება ის საზღვარი, რომელზეც შევთანხმდებით, მე ვერ გეტყვით ახლა და არ იქნება სწორი, რომ ვთქვა, აქ უნდა გაიაროს თუ იქ. მაგრამ ის, რომ ჩვენი სახელმწიფოსა და მომავლისთვის ეს არის აუცილებელი ეტაპი, ამაში ორი აზრი არ არის. ჩვენ უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ბოლომდე. ეს მოითხოვს, რომ ჩვენი საზღვრები იყოს ჯერ გარკვეული, შემდეგ დაცული. პირიქით ვერ იქნება. ბევრ უსიამოვნებას მოიტანს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

2019 წლის აპრილში, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა პირველად შეზღუდეს გადაადგილება უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე, ეს მოულოდნელობა ხელისუფლების ოპონენტებმა საქართველოში სწორედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაუკავშირეს. თუმცა ამ კავშირს არა მხოლოდ საქართველოში ხედავდნენ.

როგორც მაშინ აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, დავით გარეჯის საკითხის ემოციური შემადგენელი გარკვეულწილად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იქ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა - „გასაგებია, რომ ერთ მხარეს გამოვლენილმა ასეთი დონის ყურადღებამ ყურადღება გაუმახვილა მეორე მხარესაც“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი დავით გარეჯში, აპრილში, „ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად ჩავიდა და თქვა:​

  • „აუცილებელია, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა“ და „აუცილებელია, რომ ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ“,
  • „და ასევე, სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს... რომელიც ვეღარ ითმენს“.