ფინანსთა სამინისტრო დავალიანების მქონე ტელევიზიებს ერთი დღის ვადას აძლევს

ტელემაუწყებლების დავალიანებების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტრო მიუთითებს, ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ.

„ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და, ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.

ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მათი გადახდა, რის გამოც, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იძულებულია განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ მედიების მიმართ გაწეული შეღავათი ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან, როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს.

რადიო თავისუფლებას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ტელევიზიებისა და დავალიანების დასახელებისგან თავს იკავებენ.