აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე პოლიციაში გამოკითხეს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის მიმართვის საფუძველზე. იგი დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს ადანაშაულებს სატელეფონო საუბრების მოსმენასა და შანტაჟში. ნათია ზოიძემ აჭარის პროკურატურას 13 დეკემბერს მიმართა, პროკურატურამ კი საქმე შსს-ს გადასცა.

დღეს, 23 დეკემბერს, ნათია ზოიძე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს. საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 168-ე მუხლით, რაც შრომით საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ნათია ზოიძის ინტერესებს იცავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატი პაატა დიასამიძე. „დღეს გამოიკითხა ნათია და ჩვენ მივაწოდეთ დეტალურად ინფორმაცია, ასევე ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის იმის შესახებ, რომ დირექტორი გიორგი კოხრეიძე ზოიძის ხელშეკრულებას კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევს და მის შეცვლას ცდილობს. ასევე, იმაზე, რომ კოხრეიძე, როგორც თავად თქვა, ფლობს გარკვეულ ინფორმაციას ნათია ზოიძის სატელეფონო საუბრების შესახებ. ვისაუბრეთ ტელევიზიიდან საარქივო მასალების გატანასთან დაკავშირებით, რაშიც დირექტორი მის მოადგილეს ადანაშაულებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა დიასამიძემ. მას იმედი აქვს, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძე დირექტორად 22 ნოემბერს აირჩია.

4 დეკემბერს, ჟურნალისტების ნაწილმა კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მან შეწყვიტოს შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და დისკრედიტაცია. გიორგი კოხრეიძე ამ ბრალდებებს უარყოფს.