"ლელოს" საპროგრამო პუნქტები

პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პუნქტებად ჩამოთვალა ის საკითხები, რომელთა გაკეთებასაც პარტია აპირებს არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს საკითხებია:

  • კანონის უზენაესობა. უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სრული განახლება. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან გავათავისუფლებთ სასამართლოს პოლიტიკური წნეხისგან, ხოლო 6 თვის თავზე განვახორციელებთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სასამართლო რეფორმას. ჯამში საუბარია ორ ათეულამდე საკითხზე. მამუკა ხაზარაძე:
  • საქართველო უნდა იქცეს რეგიონის ფინანსურ ცენტრად; უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო საფონდო ბირჟა. ეს შეიძლება მოხდეს ლონდონის. ჰონკ კონგის ნიუ-იორკის ბირჟების მონაწილეობით. აქ ივაჭრებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების აქციებით. საფონდო ბირჟის განთავსება შესაძლებელია ქუთაისის პარლამენტის შენობაში.
  • ქუთაისის აეროპორტის გარშემო უნდა შეიქმნას მძლავრი ლოჯისტიკური ცენტრი, სადაც იმუშავებენ ისეთი დიდი კომპანიები როგორებიც არიან ამაზონი, ფედექსი, ალიბაბა და სხვა.
  • ვაცხადებთ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ჩვენი ცივილიზებული არჩევანია. შიდა პოლიტიკა უნდა იყოს დაფუძნებული დასავლურ სტანდარტზე და ეროვნულ ფასეულობებზე.
  • ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალების წერტილი ეკონომიკაში და არა მარტო ეკონომიკაში. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ინტერესების გამო ეს პროექტი შეაჩერა. ამ პროექტის განხორციელება საქართველოს გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ. ანაკლია მოგვცემს მივიღოთ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75%. მხოლოდ ანაკლია პირველ ეტაპზე მოიზიდავს 3 მილიარდ დოლარს - ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია საერთაშორისო ბანკებთან. გპირდებით, ანაკლიის პორტს და ქალაქ ანაკლიას ჩვენ ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ.
  • ანაკლიის მსგავსი თავისუფალი ეკონომიკური ზონა უნდა შეიქმნას შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან. ჩვენთვის უმთავრესია ოსური და აფხაზური საზოგადობების შემორიგება, მათი ნდობის დაბრუნება.
  • უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპანტი რუსეთია. ქვეყანა ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაშია. მიმდინარეობს მცოცავი ანექსია. თითქმის ყოველდღიურად იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემების გაძლიერება, მათ შორის კიბერ თავდაცვისა და უსაფრთხოებისა. საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი, კარგად აღჭურვილი ჯარი ისეთი როგორიც ჰყავს შვეიცარიას ან ისრაელს. სახელმწიფო განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებზე, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს. მათ სჭირდებათ გვერდში დგომა სახელმწიფო პროგრამებით.
  • ქვეყნის ეფექტური მართვით შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ჩინოვნიკთა ავტოპარკს. გამოთავისუფლებული თანხებით და სხვა რესურსებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში არ არსებობდეს მშიერი ბავშვი და მოხუცი. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი.
  • უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის რაციონალური დიალოგით დადგინდება. ეს დიალოგი საჭიროა! მინიმალური ხელფასი საჭიროა!
  • ქვეყნის მმართველობის დეცენტრალიზაცია. თვითმმართველობის გაძლიერება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ქვეყნის ყველა კუთხეს უნდა მიეცეს კლასტერული განვითარების პირობები. შემუშავებული გვაქვს კახეთის განვითარების პროგრამა, რომლის ღერძი იქნება ღვინის კულტურა.
  • ქვეყანა, რომელსაც გააჩნია 7 სახის მიკროკლიმატი გადაქცეულია იმპორტირებული საკვების მომხმარებლად. იმპორტის შემცირება და ექსპორტის განვითარება იქნება ჩვენი უმთავრესი საპროგრამო ამოცანა. ამისათვის ექსპორტზე დავაწესებთ მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს. ჩვენ უნდა გადავიქცეთ მწარმოებელ ქვეყნად.
  • დაუმუშავებელი მიწების სახნავ-სათესად გადაქცევა და ფერმერული მეურნეობების განვითარება.
  • სკოლა უნდა იყო დეპოლიტიზებული და დეცენტრალიზებული. უნდა შეიქმნას მეცნიერებაზე დაფუძნებული განათლების სისტემა.
  • ემიგრანტების დაბრუნება „ლელოს“ ხედვისა და პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიზანია. ემიგრანტების დაბრუნება იქნება ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობის ინდიკატორი.
  • სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა - ეს იქნება ჩვენი ჯანდაცვის პროგრამის მთავარი ნიშნული. ხარისხიანი ჯანდაცვა და მისი ხელმისაწვდომობა, დაავადებების პრევენცია, ფარმაცევტული ბაზრის დემონოპოლიზაცია. ეს ყველაფერი გაზრდის სოცოცხლის ხანგრძლივობას. საქართველოში ადამიანებმა უნდა იცხოვრონ დიდხანს და ჯანმრთელად.
  • ენერგოდამოუკიდებლობა და სუფთა ენერგიის წარმოება. მწვანე განვითარება და სუფთა ჰაერი, ორგანული სოფლის მეურნეობა, ხარისხიანი საკვები, სწორი ურბანული განვითარება. „წარმოებულია და მოყვანილია საქართველოში“ - უნდა იყოს მსოფლიო სტანდარტის ხარისხის ნიშანი. არც ერთმა უხარისხო პროდუქციამ არ უნდა დატოვოს საქართველოს საზღვარი.
  • ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა. ჩვენი ერი უნდა იქცეს მზარდ ერად. საქართველო უნდა გადავიდეს გაეროს ბედნიერების ინდექსის მოწინავე ქვეყნების რიგებში. ყველა ეს პარამეტრი ერთად შექმნის ბედნიერ ქვეყანას, ბედნიერ და რეალიზებულ ადამიანს, და უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას.

მამუკა ხაზარაძემ თავისი საპროგრამო სიტყვა დაასრულა შეძახილით: „ლელო ერთობაშია! ერთად დავდოთ ჩვენი ქვეყნის გამარჯვების ლელო!“