სალომე ზურაბიშვილი: 15 წლის ბავშვის გარდაცვალება არის საზოგადოებისთვის ტრაგედია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და ოჯახსა და ახლობლებს მისი გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. იგი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.