მარიანა ჩოლოიანი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს, ის რამდენიმე საათში შეუძლოდ გახდა და კლინიკაში იყო მოთავსებული.

ყოფილ გამომძიებელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კლინიკაში ჩატარებულ სასამართლო პროცესზე შეუფარდეს.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.