საია შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის თანამდებობებიდან გადადგომას ითხოვს

სულხან სალაძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს ეკისრებათ.

„როდესაც სისტემის შიგნით ხდება ასეთი დანაშაული, იქ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სისტემის ხელმძღვანელმა. სისტემის ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრმა“, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ. მისი განმარტებით, მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის, პასუხისმგებლობის საკითხი იმის გამო უნდა დადგეს, რომ იგი საგანგებო პრესკონფერენციაზე უარყოფდა ლუკა სირაძის განცალკევებით გამოკითხვისა და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს.

როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, მოზარდის თვითმკვლელობის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საია მიიჩნევს, რომ ლუკა სირაძეზე ზეწოლას პოლიციის განყოფილებაში პოლიციის მინიმუმ კიდევ სამი თანამშრომელი ახორციელებდა. სულხან სალაძის განმარტებით, ამ პირთა ვინაობა დადგენილი არ არის და გამოძიებას ამ მიმართულებითაც მოუწევს მუშაობა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

მოზარდის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე მიუთითებდა.