სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს 15 წლის გოგოს თვითდაზიანების ფაქტს

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ადასტურებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლუკა სირაძის ყოფილმა თანაკლასელმა გოგომ თვითმკვლელობა სცადა.

„ვადასტურებ იმას, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძესთან შეხვედრამდე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც პოლიცია გაესაუბრა 15 წლის ლუკა სირაძის ყოფილ თანაკლასელებს სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის მიზნით და მათგან მოიპოვა ინფორმაცია ლუკა სირაძის შესახებ, ერთ-ერთმა გოგომ თვითმკვლელობა სცადა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება.