გახარია კონგრესმენების წერილზე: რაც უფრო მეტ შედეგს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები მეტს ითხოვენ

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ შეკითხვებს პასუხს გასცემენ და ესეც სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილია.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, კონგრესმენები გახლავან საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენ მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას - რა თქმა უნდა, მასზე ჩვენი პოზიცია გვაქვს, - მაგრამ ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში და აქ ვერანაირ პრობლემას ჩვენ ვერ ვხედავთ“, - განაცხადა დღეს, 17 დეკემბერს, გიორგი გახარიამ, რომელსაც ამერიკელმა კონგრესმენებმა გაუგზავნეს კრიტიკული წერილი საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო.

თბილისში, „ელჩების კონფერენციაზე“ გამოსვლის შემდეგ, გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არსებობს გარკვეული შეკითხვები, რომლებსაც პასუხს გასცემენ და ესეც პოზიტიური თანამშრომლობის, მეგობრობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ნაწილია.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, რომლის რეფორმირების წარუმატებლობას კონგრესმენები შოკისმომგვრელს უწოდებენ, გიორგი გახარიას განცხადებით, არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია - ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს: „სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. როგორც იცით, ელჩების მეშვეობით ეს დიალოგი მიმდინარეობს და ვნახოთ. ერთი რამ არის, საქართველოს მთავრობას, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს, ყველას ჩვენ გვაღელვებს ერთი რამ - ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება, რაშიც ეჭვი არავის არ ეპარება“.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ისეთი დონე, როგორიც დღეს აქვს და არასდროს ჰქონია ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, როგორც დღეს: „რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ. ეს ნორმალურია. ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ვართ ყველა სახის დისკუსიისთვის და ამ დისკუსიას გავაგრძელებთ“.

რაც შეეხება ბოლოდროინდელი აქციების მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენებას, გახარიას განცხადებით, ამის შესახებაც ამერიკელ პარტნიორებს მიაწვდიან რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას. მისი შეფასებით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ასე დაცული არასდროს ყოფილა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღნიშნავენ.